09 აგვისტო 2026,   09:40
ვრცლად
სინოდის დისკრედიტაციის მცდელობა - 3 აპრილს დაგეგმილი სინოდის სხდომა და მორიგი მანიპულაციები საეკლესიო თემებზე

სასულიერო პირები, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სინოდის პირველი სხდომის დეტალებსა და დღის წესრიგს კიდევ ერთხელ განმარტავენ. ეკლესია ამბობს, რომ 3 აპრილს მღვდელმთავრები არა მართვა-გამგეობის დებულების შესაცვლელად, არამედ მხოლოდ ტექნიკური საკითხების განსახილველად იკრიბებიან. მოსამზადებელ სხდომაზე იმსჯელებენ 1995 წლიდან დღემდე, ეკლესია-მონასტრების გაზრდილი რაოდენობის ფონზე და არსებული რეალობის გათვალისწინებით, რამდენი წარმომადგენელი უნდა იყოს თითოეული ეპარქიიდან, სინოდის გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ.

იმის მიუხედავად, რომ საპატრიარქო საზოგადოებას სიმშვიდისა და ერთიანობისკენ ყოველდღიურად მოუწოდებს, სინოდის დისკრედიტაციის მცდელობაზე უარს მაინც არ ამბობენ რელიგიის ექსპერტები, ოპოზიცია, თუ გარკვეული მედიის წარმომადგენლები. ამტკიცებენ იმას, რაც აქამდე არცერთ მღვდელმთავარს არ დაუდასტურებია - მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს 3 აპრილს სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსების ნაწილი მართვა-გამგეობის დებულებას მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ შეცვლის, ამით კი მიტროპოლიტს კონკურენტებს ხელოვნურად ჩამოაშორებენ.

მიტროპოლიტ შიოს წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალდებები, შეურაცხმყოფელი განცხადებები და თავდასხმები 9 წლის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც კათოლიკოს- პატრიარქმა მოსაყდრედ დაასახელა. უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ კი, ეკლესიის დროებით მმართველის წინააღმდეგ კამპანია უფრო მეტად გამწვავდა. დღეს, როდესაც ოპოზიციური ჯგუფების სამიზნე ეკლესიაა, სასულიერო პირები საზოგადოებას ილია მეორის გადაწყვეტილების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში ჩართული ჯგუფების მიზანი, ეკლესიის დაზიანება, მისი დისკრედიტაცია და სასულიერო პირებს შორის განხეთქილების შეტანაა. უმრავლესობის თქმით, სინოდის გადაწყვეტილებებში უხეშად ერევიან უცხოეთიდან დაფინანსებული გარკვეული მედიასაშუალებებიც, რომლებიც პატრიარქის გარდაცვალებიდან დღემდე, ყალბ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.

იმის მიუხედავად, რომ სიძულვილით მოტივირებულ, დეზინფორმაციულ კამპანიაში, ყველაზე მეტად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ექსპერტები თუ გარკვეული მედიასაშუალებები მონაწილეობენ, ოპოზიცია მათ ბრალეულობას მაინც ვერ ხედავს.

სწორედ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული და სააკაშვილ-გვარამიას პარტიასთან კავშირში მყოფი მედიასაშუალებები ითვლიან უწმინდესის დაკრძალვის ხარჯებსაც. წერენ, რომ სამგლოვიარო პროცესია ხელისუფლებას 5 600 000 ლარი დაუჯდა, რაც მთავრობის მიერ გასაჯაროებულ განკარგულებაში ისედაც გარკვევით წერია.

ეს განკარგულება ყველასთვის საჯარო და ხელმისაწვდომია, თუმცა გარკვეულმა მედიასაშუალებებმა, უწმინდესის დაკრძალვის ხარჯებით სპეკულირება სოციალურ ქსელში მაინც განაგრძეს. რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პოსტს, კომენტარებშივე მოჰყვა აგრესიული და შეურაცხმყოფელი განცხადებები საპატრიარქოსა და თავად პატრიარქის წინააღმდეგ.

საპატრიარქოსა და გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ გაკეთებული სიძულვილით მოტივირებული განცხადებები "ქართული ოცნებისთვის" ამორალური, მტრული და ანტიეკლესიურია. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ახალი ეპოქის შემქმნელი უწმინდესის შეურაცხყოფაზე ქართველი ხალხის პასუხი მწვავე იქნება. ზიზღის კამპანიის ავტორებს უმრავლესობიდან დღეს ისიც უთხრეს, რომ მათი თავდასხმები სამოციქულო ეკლესიას მხოლოდ გააძლიერებს.

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სინოდის პირველი სხდომა 2 დღეში გაიმართება. მღვდელმთავრები, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირის მოწვევით, 12 საათზე შეიკრიბებიან.

დღის ამბები