პლასტმასისგან დამზადებული თეფშები, ჩანგლები, კოვზები, დანები, ჩხირები, სასურსათო კონტეინერები, ჭიქები და მათი თავსახურები - დღეიდან ამ საგნების რეალიზაცია აიკრძალა. ამ პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია. 1 იანვრიდან დღემდე კი, ერთგვარი გარდამავალი, სამთვიანი პერიოდი გამოიყო ბიზნესისთვის, რომ სექტორისთვის ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო ახალ რეგულაციებზე გადასვლა და, ასევე, ჰქონოდათ დამატებითი დრო პლასტმასის პროდუქციის რეალიზაციისთვის.
დღეიდან ძალაში შევიდა, პლასტმასის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი რეგულაცია. სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ უწყებებს ეკრძალებათ პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების შესყიდვა. თუმცა შეზღუდვა არ გავრცელდება - პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც თავდაცვის ძალების და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის ხორციელდება.
რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებს.
დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, პირველ შემთხვევაში 1 000 ლარით დაჯარიმებას, განმეორებით შემთხვევაში კი, პროდუქციის კონფისკაციასთან ერთად, ჯარიმა - 2 000 ლარამდე იზრდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გადაწყვეტილების მთავარ საფუძვლად გარემოზე ზრუნვას ასახელებს. უწყებამ პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირებისთვის რამდენიმე კვლევა ჩაატარა.დადგინდა, რომ: მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასაა. მათი უდიდესი წილი კი, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის.
ძალაში დღეს შესული რეგულაცია არ ვრცელდება პლასტმასის პროდუქციის ექსპორტზე. თუმცა მწარმოებლებს, რომლებიც პროდუქციას ექსპორტის მიზნით ამზადებენ, ვალდებულება ეკისრებათ წარმოების დაწყებამდე, მინიმუმ ერთი თვით ადრე, წერილობით აცნობონ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. დეპარტამენტმა უნდა მიიღოს ინფორმაცია - წარმოების დაწყებისა და დასრულების ვადების, დასამზადებელი პროდუქციის რაოდენობის, საექსპორტო ქვეყნების და ექსპორტის განხორციელების გრაფიკის შესახებ.