სიყვარული, მეგობრობა, ღალატი და ორპირობა - რუსთაველის თეატრის სცენაზე აკაკი წერეთლის პიესის მიხედვით დადგმული მუსიკალური სპექტაკლი ცოცხლდება. "კინტო" - მეცხრამეტე საუკუნის თბილისურ ატმოსფეროს გადმოსცემს.
სპექტაკლი ქართულ თეატრალურ სივრცეში 90-იანი წლების შემდეგ არ დადგმულა. ადაპტირებული ვერსია, რომელზეც ბასა ჯანიკაშვილმა იმუშავა, ტრადიციასა და თანამედროვე ხედვას აერთიანებს. ახალ ვერსიაში მთავარ როლს თამარ გვერდწითელი განასახიერებს.
"კინტო" დრამატურგიას, მუსიკას, ქორეოგრაფიასა და ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს და მაყურებელს განსაკუთრებულ თეატრალურ გამოცდილებას სთავაზობს. ნუნუ გაბუნიას მუსიკაზე შექმნილი სპექტაკლი ცოცხალი ორკესტრის თანხლებით გაცოცხლდება.
მიუხედავად დრამატული შინაარსისა, სპექტაკლი კომედიურ ჟანრშია გადაწყვეტილი. იუმორი და კინტოსთვის დამახასიათებელი მოხერხებულობა წარმოდგენას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
შემოქმედებითი გუნდი მაყურებელს ძველ თბილისში სამოგზაუროდ, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე 2 და 3 აპრილს ელოდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი