დროის ათვლა დაწყებულია, მთელი მსოფლიო დონალდ ტრამპის მიმართვას ელოდება, რომელიც ვაშინგტონის დროით 21 საათზე, ხოლო თბილისის დროით დილის ხუთ საათზე გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქეებისადმი გაკეთებულ მიმართვაში შტატების პრეზიდენტი ორ მთავარ თემაზე გაამახვილებს ყურადღებას - ომი ირანში და ნატოს კრიტიკა. დასავლური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა უკვე დაანონსა, რომ ირანიდან ძალიან მალე გამოვა და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, წერტილოვანი დარტყმებისთვის დაბრუნდეს.
ვიდრე მსოფლიო მედია თეთრ სახლში დაგეგმილ პრესკონფერენციას ელოდება, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის პრეზიდენტმა მას ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით უკვე მიმართა. ვაშინგტონმა საპასუხო პირობაც წამოაყენა - საკითხის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა სრულად აღდგება.
თავად ირანის პრეზიდენტი, დღეს თეირანში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე იმყოფებოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის გაგზავნილი თხოვნის შესახებ არც მასუდ პეზეშკიანს და არც აბას არაღჩის არაფერი უთქვამთ.
მხარეებს შორის კონფლიქტის დიპლომატიური გზით შესაძლო მოგვარებამდე კი, "ცაჰალი" და პენტაგონი ირანში სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ. აფეთქებებია ისპაჰანში, როგორც უცხოური მედია წერს, ამ დრომდე უცნობია, დაზიანდა თუ არა ქალაქში მდებარე სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ინფრასტრუქტურა.
პარალელურად, ირანმა საჰაერო თავდასხმები განახორციელა ისრაელზე. ბალისტიკური რაკეტის აფეთქების შემდეგ თელ-ავივის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ბნეიბრაკში განადგურებული სახლებიდან მაშველებმა დაშავებულები გამოიყვანეს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების კიდევ ერთი ცხელი წერტილი ლიბანია. რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლას" მიერ ისრაელზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ, "ცაჰალმა" ქვეყნის სამხრეთით მდებარე რეგიონებში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო და ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნის გადაწყვეტილებაც მიიღო.
ვიდრე მხარეები დიპლომატიური მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, ირანის მიერ მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული არტერიის, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო, ბაზრებზე ნავთობის ფასმა ბარელზე 119 დოლარს მიაღწია. მედიის ინფორმაციით, ეს, ირანში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე