07 აგვისტო 2026,   02:45
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში არის კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა - საქართველოს ელჩი სლოვაკეთში

"პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში გახლავთ კიდევ ერთი დასტური საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობებისა", - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთში, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ განაცხადა

ელჩის განცხადებით, "ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას უმაღლეს დონეზე."

"საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვიცე-პრემიერთან. ასევე, დაგეგმილია პრეზიდენტების მიერ თავისუფლების კარიბჭის მემორიალის გვირგვინით შემკობა", - განაცხადა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის დედაქალაქში იმყოფება. უძველესი ციხესიმაგრე, რომელიც სლოვაკეთის ისტორიის სიმბოლოს წარმოადგენს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება. მიხეილ ყაველაშვილს პეტერ პელეგრინი მასპინძლობს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც უნდა გაკეთდეს.

ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი სლოვაკეთში ბოლო 9 წლის მანძილზე. განსახილველი საკითხებია: ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ტურიზმი, ინვესტიციები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და, რა თქმა, უნდა რეგიონული უსაფრთხოება და შუა დერეფანი, რომელიც გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე უდიდეს დატვირთვას იძენს. ამ დერეფანში საქართველო ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უალტერნატივო უსაფრთხო გზა.

ავტორი: კესო ქაფიანიძე

დღის ამბები