09 აგვისტო 2026,   04:53
ვრცლად
ამ წუთას, გორის თავშესაფარი ჩვენგან მიყვანილ ცხოველებს ნამდვილად არ იღებს - დემნა ხელაია

უკვე რამდენიმე კვირაა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ქალაქიდან სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები ქუჩებიდან "დასაძინებლად" მიჰყავს. უწყება საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ, მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს.

განცხადება გაავრცელა ცხოველების მართვის შიდა ქართლის სააგენტომაც, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სიცრუეა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ. სააგენტოს განმარტებით, კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ ოპერაციებისა და ვეტერინარული მანიპულაციების ნარჩენი მასალის ან უკვე გარდაცვლილი ცხოველების დასაწვავად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი დემნა ხელაია აცხადებს, რომ ამ ყველაფრის მიზანი ადამიანების და ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. 

"ყველას ვთხოვ, თავი შეიკავოს დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. შიდა ქართლში ჯერ, საერთოდ, ღონისძიება არ დაგვიწყია და რაზეა საუბარი? ამ წუთას, გორის თავშესაფარი ჩვენგან მიყვანილ ცხოველებს ნამდვილად არ იღებს. დატრენინგებული ბრიგადები არიან, რომლებსაც მიუსაფარი ცხოველები გადაჰყავთ ქუჩიდან თავშესაფარში, სადაც მათი რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია ხდება, ამის შემდეგ სტერილიზაცია და კასტრაცია, ამის შემდეგ კი - აცრა. ამ ყველაფრის მიზანია დავიცვათ ადამიანის ჯანმრთელობა და თავად ცხოველის ჯანმრთელობაც," - აცხადებს ხელაია. 

დღის ამბები