07 აგვისტო 2026,   08:19
ვრცლად
31 მარტს ჩატარებული საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოუტანა - რა გზა გაიარა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად

"თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?" - შეკითხვას პასუხი ზუსტად 35 წლის წინ გაეცა - დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი 31 მარტს ჩატარდა. სიმბოლურია, რომ თარიღი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს ემთხვევა - დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, რომელმაც ამ რეფერენდუმის შედეგად მიღებული ისტორიული აქტი სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა - ჯერ კიდევ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით.

პარლამენტის ეს დარბაზი უკვე წლებია ზვიად გამსახურდიას სახელს ატარებს.

ამავე ტრიბუნიდან ითქვა დღეს ის, თუ რა მასშტაბის სახელმწიფო მნიშვნელობა ჰქონდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის შედეგიც ქვეყნისთვის უკვე 35 წელია პასუხისმგებლობასთან ერთად გამოწვევაცაა.

ერთსულოვანი ისტორიული არჩევანი რევიზიას არ ექვემდებარება - სამართლებრივი სახელმწიფოს ხელისუფლების დღევანდელი განაცხადი მკაფიო და კონკრეტულია. ვალდებულება კი ეროვნული მონაპოვრის დაცვა და მისი განმტკიცებაა. ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას დღეს ხელისუფლების პირველი პირები. 31 მარტთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

დამოუკიდებლობის, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ დღეს ხელისუფლების ოპონენტებიც. "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი მთაწმინდის პანთეონში, ზვიად გამსახურდიას საფლავთან გააკეთეს.

ერთიანობას 31 მარტის რეფერენდუმის სტატისტიკაც აჩვენებს. კენჭისყრაში ამომრჩეველთა 90% მონაწილეობდა, რომლის 99%-ის ერთხმად უჭერდა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა - დღეს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.

სახელმწიფოებრიობის დაბრუნება, რომელიც ქვეყანამ მე-19 საუკუნეში, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად დაკარგა, 31 მარტს გაფორმდა - სამართლებრივი დოკუმენტით, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ ცნობა. თუმცა ყველაფერი ორი წლით ადრე 1989 წლის 9 აპრილს დაიწყო. სწორედ ამიტომ გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა ამ დღეს - 1991 წლის 9 აპრილს.

დღის ამბები