08 ივნისი 2026,   11:54
ვრცლად
ჯგუფურად წამება, გამოძალვა, ძარცვა, ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა - დაკავებულია ფაშისტურ-ნაცისტური დაჯგუფების 13 წევრი, რომელთაგან 7 არასრულწლოვანია

ვიდეოჩანაწერი ერთ-ერთია იმ ასობით მტკიცებულებას შორის, რომელიც ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულების საქმეში დევს. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობები დააკმაყოფილა და ყველა მათგანს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ფაშისტურ-ნაცისტურ იდეოლოგიასთან არაფერი აკავშირებთ.

საქმე 5 ეპიზოდად არის გაყოფილი. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეში ვიდეოჩანაწერების გარდა, არაერთი მოწმის ჩვენებაც დევს.

დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელზეც პროკურორი საუბრობს, გამოძიების ინფორმაციით, სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ გაიზიარებდა. მსხვერპლს სცემდნენ და იყენებდნენ დამცირების სხვადასხვა მეთოდს. ძალადობის კადრებს მობილურით თავადვე იღებდნენ და შემდეგ სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.

ძალადობრივ დაჯგუფებაში გაწევრიანებულები იყვნენ არასრულწლოვანი გოგოებიც. შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი მსხვერპლს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან.

შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფის 13 წევრი გუშინ დააკავა, მათგან 7 არასრულწლოვანია. ბრალდებულები სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლებიდან აიყვანეს.

გამოძიება 5 მუხლით გრძელდება - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წამება, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება, ძალადობის ორგანიზება, ძარცვა - გამოძალვა, რაც 15 წლამდე პატიმრობას ასწავლებინებს.

დღის ამბები