01 აგვისტო 2026,   16:27
ვრცლად
ალეკო ალექსაშვილის ახალი ბრალი - რა მტკიცებულებები დევს საქმეში და რატომ არ ემიჯნება "ლელო" ტერორიზმში ბრალდებულ თანაგუნდელს

პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო კადრებით ირკვევა, რომ ალეკო ელისაშვილი, საცხოვრებელი სახლის ტერიტორიას 3 მაისს ტოვებს და საქალაქო სასამართლოსკენ, შენიღბული, ზურგჩანთით გადაადგილდება, მარჯვენა ხელში აქვს ხელკეტი.

გაივლის ზუსტად იმ გზას, რომელიც მან ტერორისტული აქტის პირველი ეპიზოდის დროს, 29 ნოემბერს გაიარა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ელისაშვილი წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებს და ტერორისტული აქტისთვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, საქალაქო სასამართლოს, არქივთან 4 მაისს ღამის 3 საათსა და 44 წუთზე მიდის.

შენობაში შეღწევას ჯერ სავენტილაციო მილის დახმარებით ცდილობს, შემდეგ არქივის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მასალები ინახება, ნავთობპროდუქტის შემცველ აალებულ ნივთიერებას აგდებს და ხანძარს აჩენს. წვავს შენობის ფასადსაც, ცეცხლს უკიდებს ფანჯარას და სადენებს. ამ დროს სასამართლოში მანდატურის სამი თანამშრომელი იმყოფება. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ელისაშვილი ტერიტორიიდან 14 წუთში, 3 საათსა და 58 წუთზე გარბის, თავდაპირველ ლოკაციაზე კი დილის 8 საათზე ბრუნდება.

ამ ვიდეოკადრების, ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე წარუდგინა პროკურატურამ, ელისაშვილს ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდება. დღეს კი უკვე განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღიც.

პროკურატურის მტკიცებულებების, მათ შორის ტერორისტული აქტის მოწყობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების მიუხედავად, ალეკო ელისაშვილის ქმედებას მაინც არ ემიჯნება, მასთან პოლიტიკურ ალიანში მყოფი ლელო. ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიაში ირწმუნებიან , რომ ელისაშვილს, რომელმაც ტერორიზმის პირველი ფაქტი უკვე აღიარა, ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

ელისაშვილის ქმედება დივერსია, ტერორიზმი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაულია ქართული ოცნებისთვის. სახელისუფლებო გუნდი საბოლოო ვერდიქტს ელოდება და დარწმუნებულია, რომ სასამართლო ელისაშვილის მძიმე დანაშაულს დაადასტურებს.

სასამართლოს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებისთვის მისაღები არც ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ქმედებებია.ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა დღეს ელისაშვილთან კავშირიც უარყო და მის ქცევას არაადეკვატურიც უწოდა.

მმართველი გუნდის თქმით, სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებით საბოლოოდ დაადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილი ტერორისტი, ლელო კი რადიკალური მიზნების მქონე პარტიაა. მმართველი გუნდი კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდება " ლელოს" პარტნიორი "ალდესგანაც". უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ტერორიზმში მეორედ ბრალდებული, ელისაშვილის გამო, ევროპის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ, ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი გაერთიანებიდან უნდა გარიცხოს.

ალეკო ელისაშვილს ტერორიზმს ედავებიან 29 ნოემბერს, სასამართლოს კანცელარიის შენობაში შეჭრის, მისი გადაწვის მცდელობისა და მანდატურის თანამშრომლებზე თავდასხმის გამოც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები