მარკო რუბიოს ზარი სახელმწიფო დეპარტამენტიდან, საპარლამენტო დელეგაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მაღალი დონის ვიზიტი შეერთებულ შტატებში - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისთვის იმის დასტურია, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია. სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო დიალოგი 30 მარტს შედგა. სახდეპისა და საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ლიდერებმა ორ ქვეყნის საერთო ინტერესებზე, კავკასიის რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ პროცესების დინამიკა, პოზიტიური პროგნოზების წინაპირობას აჩენს.
რუბიო-კობახიძის სატელეფონო საუბარი პოზიტიური სიგნალია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. კანონმდებლების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიზანმიმართულად დაზიანებული ურთიერთობების აღდგენის მზაობა ქართულ მხარეს დიდი ხანია აქვს. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ განახლებული სტრატეგიული პარტნიორობა სამომავლოდ, ორმხრივ ინტერესებს უნდა დაეფუძნოს, რომელიც სიკეთეს საქართველოსა და ამერიკას თანაბრად მოუტანს.
სახდეპისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, სადაც საუბრის ძირითადი თემები ღიად ჩანს, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მარკო რუბიოსთან კომუნიკაცია ქვეყნისთვის არაფერს ცვლის.
ოპონენტების რეაქცია არ უკვირთ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ოპოზიცია რეალობას მიზანმიმართულად არ აღიარებს, რადგან ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავება მათთვის ხელსაყრელი არაა. რეგიონში არსებული გამოწვევების, კონფლიქტებისა და კრიზისის ფონზე, "ოცნების" წევრების აზრით, საქართველოს სტრატეგიული დატვირთვა იზრდება. ქვეყანაში არსებული მშვიდობა და ეკონომიკური პროგრესი კი საქართველოსა და შტატებს შორის თანამშრომლობის ახალი ფურცლიდან დაწყების წინაპირობად უნდა იქცეს.
მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი 30 მარტს შედგა. ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ცენტრალურმა ფიგურამ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საერთო ინტერესების საკითხები განიხილა.