626 კილოგრამი ნარკოტიკით დატვირთული ავტომობილები დახურულ ტერიტორიაზე დილის 10 საათზე გამოჩნდნენ. რამდენიმე წუთში ნარკოტიკების განადგურების პროცესიც დაიწყო.
19 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებები მაღალტემპერატურულ ღუმელში 8 საათი იწვოდა.
განადგურებულია "ჰეროინი," "კოკაინი," "მეთადონი," "ემდეემაი," "ალფა-პვპ," "კეტამინი," "ტეტრაჰიდროკანაბინოლი," "ბუპრენორფინი," "კლეფედრონი," "კანაფი," "კოდეინი," "ამფეტამინი," "ტრამადოლი" და "მარიხუანა." 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროსა და ადგილას ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების დროს ამოიღეს.
მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურებამდე ნივთმტკიცებები სპეციალურ საცავში ინახებოდა.
დღეს განადგურებული ნარკოტიკი იმ საქმეების მთავარი მტკიცებულებებია, რომლებზეც სასამართლომ განაჩენი უკვე გამოაცხადა, ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულები კი სასჯელს იხდიან.
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკის, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების განადგურებას მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
ნარკოდანაშაულის მიმართ მკაცრი პოლიტიკა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში ამბობენ, რომ ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ და რეალიზატორების დასაკავებლად პოლიცია 24 საათი მუშაობს.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ყოველდღიურად ავრცელებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა 1 კილოგრამზე მეტი "ალფა-პვპ" ამოიღეს. დაკავებულია თურქმენეთის მოქალაქე, რომელიც რეალიზაციას ე.წ. დადების მეთოდით აპირებდა. "კურიერის" ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც მას ერთ-ერთ სამალავში დაფასოებული "ალფა-პვპ" უნდა დაედო.