ჩინეთმა და პაკისტანმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი განიხილეს და მხარეებს "დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისა" და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდეს.
განცხადება პეკინში გამართული მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების შემდეგ გაკეთდა. მათ მოუწოდეს ყველა მხარეს, უზრუნველყონ კომერციული და სამოქალაქო გემების უსაფრთხო გადაადგილება ჰორმუზის სრუტეში და დაიცვან იმ ხომალდებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოება, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის ამ კრიტიკულ წერტილში აღმოჩნდნენ ჩაკეტილები.
"ჩინეთი და პაკისტანი მოითხოვენ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის შემდგომი გავრცელება", - ნათქვამია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ "დაცული უნდა იყოს ირანისა და ყურის ქვეყნების სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება", - ეს განცხადება პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის, იშაკ დარისა და მისი ჩინელი კოლეგის, ვან ის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელზეც მათ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი განიხილეს.