01 აგვისტო 2026,   20:03
ვრცლად
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის, მათ შორის ჟურნალისტ ელისო კილაძის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ყველა ბრალდებული პატიმრობაში დარჩა. საგამოძიებო ვადა 25 მაისამდე გახანგრძლივდა.

პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ მოითხოვა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება, რაც გულისხმობს, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას აგრძელებს. 

"მიცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე და მოითხოვა წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბრალდების მხარე აგრძელებს ამ საქმეზე გამოძიებას, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ვინაიდან, საქმე არის მოცულობითი, ბუნებრივია, დროც მეტია საჭირო გამოძიებისთვის. როდესაც აღნიშნული შუამდგომლობა კმაყოფილდება სასამართლოს მიერ და ბრალდებულებს შეფარდებული აქვთ პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით, სავალდებულო პროცედურას წარმოადგენს, რომ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯოს. დღეს, ზუსტად ამისთვის ვიყავით მხარეები სასამართლოში შეკრებილები. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის პოზიცია, გაითვალისწინა და მიიღო მხედველობაში ის, რომ ის გარემოებები, რაც ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო, კვლავ არსებობდა და შესაბამისად, პატიმრობა თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით, დატოვა ძალაში," - აცხადებს პროკურორი.

 

დღის ამბები