06 აგვისტო 2026,   19:10
ვრცლად
იგორ ომერზა მარტა კოსზე: ხელს ვაწერ ამ წიგნს, თუ იტყვის, რომ ეს სიმართლე არ არის, წარვადგენ დოკუმენტებს საჯარო არქივიდან

"კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ სლოვენიელ პუბლიცისტთან და მკვლევართან - იგორ ომერზასთან, რომელიც უკვე 20 წელია ევროკომისარ მარტა კოსის საიდუმლო წარსულს იკვლევს:

სლოვენიელი პუბლიცისტი იგორ ომერზა "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ევროკომისრის წარსული უკვე საჯაროა, რაც შანტაჟის რისკებს გამორიცხავს,  ასევე განმარტავს, თუ რატომ მოხსნა კოსმა მოულოდნელად კანდიდატურა სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნებზე და როგორ ამხელს მას არქივიდან ამოღებული 10 ახალი დოკუმენტი. 

ფიქრობთ, რომ თქვენი წიგნი ამ ვითარებას შეცვლის?

"ამ წიგნის გამოქვეყნებით შანტაჟის საფრთხე იხსნება, რადგან მისი წარსული აღარ არის საიდუმლო. არ ვიცი, რეალურად აშანტაჟებდნენ თუ არა მას, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არსებობდა. მე ვთვლი, რომ ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა ევროკავშირის უწყებებთან ერთად უნდა გამოიძიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი შანტაჟს".

თქვენი აზრით, რამდენად რეალურია, რომ მას დღესაც აშანტაჟებდნენ?

"ეს მხოლოდ ვარაუდი არ არის, ეს რეალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ, ჩემს პუბლიკაციებში პირდაპირ მივუთითებ, რომ ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა "სოვამ" უნდა გამოიძიოს შანტაჟის ფაქტები ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან კოორდინაციით". 

თავად კომისარი ამტკიცებს, რომ ეს დოკუმენტები ყალბია. რას უპასუხებთ ამაზე?

"თუ ის იტყვის, რომ ეს სიმართლე არ არის, მე წარვადგენ დოკუმენტებს საჯარო არქივიდან. მე ხელს ვაწერ ამ წიგნს. თუ რამე არასწორია, მან იმ ადამიანებს უნდა მოსთხოვოს პასუხი, ვინც ეს დოკუმენტები შეადგინა. მე უბრალოდ ვაქვეყნებ მასალებს. 20 წელი დამჭირდა ამ 10 დოკუმენტის მოსაპოვებლად. ის სლოვენიის პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო და მაშინაც თქვა, რომ საარქივო სიები ყალბი იყო. მაგრამ ის ტყუოდა. ამ რეესტრში მილიონი ადამიანია შეყვანილი დეტალური პერსონალური მონაცემებით - ასეთი მასშტაბის დოკუმენტის გაყალბება შეუძლებელია". 

თქვენ ახსენეთ სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნები. ფიქრობთ, რომ მისი კანდიდატურის მოხსნა სწორედ ამ წარსულს უკავშირდებოდა?

"დიახ, ის იყო სლოვენიის პრეზიდენტობის კანდიდატი და მოულოდნელად კანდიდატურა მოხსნა. ჩემი აზრით, მას შეეშინდა, რომ რაღაც გამჟღავნდებოდა. ხაზგასმით ვერ ვიტყვი, რომ დაშანტაჟებული იყო, თუმცა, ფაქტია რომ მაშინ მხოლოდ ერთი დოკუმენტი ამოტივტივდა, რომელიც მან "ფეიკად" გამოაცხადა. მაგრამ ახლა, როცა მე 20-წლიანი მუშაობის შემდეგ არქივებიდან 10 ახალი დოკუმენტი ამოვიღე, მისი ტყუილი დასრულებულია". 

დღის ამბები