ევროკავშირი არა, როგორც გაერთიანება, არამედ პოლიტბიურო, რომელსაც საკუთარი დღის წესრიგი აქვს - შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ევროპელი დეპუტატების ნაწილი საჯაროდ და ღიად საუბრობს. აცხადებენ, რომ ბრიუსელის მანკიერი დამოკიდებულებების მიღმა კონკრეტული ინტერესები დგას. ამბობენ, რომ ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის მიერ დადგენილ ხაზს არ მიყვებიან 2 მეთოდით სჯიან. ევროპული სუბსიდიები ეყინებათ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც კავშირის წევრები არიან, ხოლო გაერთიანების მიღმა მყოფებს მათ შორის საქართველოს სანქციებით ემუქრებიან. გერმანელმა, სლოვაკმა და ფრანგმა ევროპარლამენტარებმა ამ თემებზე "რუსთავი 2-ისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრეს.
ევროპარლამენტარების განცხადებების შემდეგ, სახელისუფლებო პარტია უფრო ზუსტად განმარტავს, რა განაპირობებს საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმას და შანტაჟს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ამის ერთადერთი მიზეზი ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკა და გადაწყვეტილებაა, რომ უარი უთხრან მითითების შესრულებას.
ბრიუსელთან დაძაბული ურთიერთობის მიზეზად ოპოზიცია საკუთარ ქვეყანას ასახელებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გასათვალისწინებელი არც ის ოფიციალური ანგარიშებია, რომელსაც თავად ევროკომისია აქვეყნებს და რიგი მიმართულებებით საქართველო არათუ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც უსწრებს.
ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საჯარო განცხადებების მიღმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები ფინანსურ დაინტერესებას და გავლენებს ხედავენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ძალისხმევა შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ღირებულებების და სახელმწიფო ინტერესების მიმართ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა პოზიცია ბოლო დროს მკაფიოდ გამოხატა.
მუქარა ქართულ საზოგადოებაზე არ ჭრის - ასეთია სახელისუფლებო გუნდის პოზიცია. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ობიექტური კრიტიკა მისაღები და გასათვალისწინებელიცაა, თუმცა როდესაც საქმე მიკერძოებულ და უსამართლო დამოკიდებულებასთან აქვთ რეაგირებაც შესაბამისი იქნება.