ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა, ქსელში არსებული ავარიები, შეუსაბამო ინფრასტრუქტურა და მომხმარებლის გაზრდილი რაოდენობა - სემეკის დღევანდელ სხდომაზე ის მიმართულებები დაასახელეს, რის გამოც ელექტროენერგია 5 თეთრით გაძვირდა. სემეკის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო.
მისი განცხადებით, ინვესტიციების ჩადების გარეშე მდგომარეობა გაუარესდებოდა, რაც ქსელური ავარიებიდან გამომდინარე ელექტროენერგიის შეწყვეტაზე მოახდენდა გავლენას. დავით ნარმანიამ, მთავრობის მხრიდან იმ მოქალაქეების გადასახადის სუბსიდირებაზეც ისაუბრა, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეეხებათ.
მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა 5 თეთრით, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის 4-დან 6 თეთრამდე განისაზღვრა. ქსელური კომპონენტების გაუმჯობესებაზე საუბრობენ ენერგო პრო ჯორჯიაში. ამბობენ, რომ ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, თუმცა კომპანია მზად არის ამ მიმართულებით არსებული ყველა გამოწვევა დაძლიოს.
ფასების კორექტირებაზე საუბრობს ენერგოომბუდსმენი. ნინო გულეიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებამ მომხმარებლებისათვის სტაბილური მიწოდება და ეტაპობრივად ავარიების შემცირება უნდა უზრუნველყოს.
სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება ძალაში პირველი აპრილიდან შევა. დადგენილი ფასები 4 წლითა და 9 თვით შენარჩუნდება.