08 აგვისტო 2026,   05:11
ვრცლად
გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს მომდევნო პერიოდში მომხმარებლებისათვის სტაბილური მიწოდება და ეტაპობრივად ავარიების შემცირება - ნინო გულეიშვილი ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება "სემეკის" სხდომაზე მიიღეს. თბილისსა და რეგიონებში ახალი ტარიფი ძალაში პირველი აპრილიდან შევა.

სამომხმარებლოსთან ერთად 5-6 თეთრით იმატა კომერციულმა ტარიფმაც. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სამომხმარებლო ტარიფების შესახებ, გასული წლის ბოლოს უნდა ემსჯელა, თუმცა მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის სამი თვით გადავადების შესახებ.

საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეტა ენერგოომბუდსმენმა. ნინო გულეიშვილის განცხადებით, წლიდან-წლამდე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა, რაც ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხზე აისახება, ხოლო ახალმა გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების და ავარიების შემცირება.

"თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი არის ის, რომ მომხმარებელმა უნდა მიიღოს სტაბილური მომსახურება ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ბოლო პერიოდში, ეს იყო განსაკუთრებული გამოწვევა ჩვენი სამსახურისთვის იმიტომ, რომ მომხმარებლის მხრიდან შემოსული განაცხადების 80% ენერგოსექტორში წყვეტებთან და მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები იყო.

წლიდან-წლამდე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. გარდა იმ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა, რომელიც ზოგადად ქსელის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს არის ის, რომ ახალი მომხმარებლების რაოდენობის შემთხვევაში ქსელი საჭიროებს თავიდან ბოლომდე გადაწყობას და კიდევ უფრო გაძლიერებას.

ყველაფერი ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ვითარებით, მომხმარებელი უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა, შესაბამისად კომისიის ამ გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს მომდევნო პერიოდში მომხმარებლებისათვის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა და ეტაპობრივად ავარიების შემცირება, ქსელის გაუმჯობესება და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა", - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

დღის ამბები