პარიზში რომანტიკისთვის დრო ყველას რჩება. ჩრდილოეთ საფრანგეთის ისტორიულ ქალაქში ყოველ ნაბიჯზე გგონია, რომ წარსულში ბრუნდები. აქ რომანტიკა ყველგანაა - ვიწრო ქუჩებში, მყუდრო კაფეებში, ისტორიულ შენობებში, მათ ფასადებსა და აივნებზე. წიგნებში - აბზაცებს შორის, რომლებიც საუკუნეების წინ პარიზში დაიწერა და დღემდე იკითხება.
ამიტომაც სიყვარულის ყველაზე მოდურ ქალაქს ყოველწლიურად მილიონობით დამთვალიერებელი და სტუმარი ჰყავს.
როცა ღამდება, პარიზი კიდევ უფრო ჯადოსნური და შთამბეჭდავი ხდება - ეიფელის კოშკის ბრწყინვალება მდინარე სენაში აირეკლება. ამ დროს ქალაქი ერთ დიდ გადასაღებ მოედანს ემსგავსება და შენც, თითქოს, კინომიუზიკლის გმირივით იწყებ ცხოვრებას ვარდისფერ ფერებში აღქმას.
პარიზის ქუჩებში თითქოს ორი გმირის ისტორიასაც უსმენ - ფრანგი ქალისა და ამერიკელი კაცის სიყვარულს, რომელიც წლების შემდეგ ისევ ამ ქალაქში გრძელდება. სიყვარულის გეგმებიც აქ იწერება - ეიფელის კოშკისა და ტრიუმფალური თაღის ფონზე.
მსოფლიოში ცნობილი კინოკადრები და პოპულარული სერიალები ამ ქალაქს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
მდიდარი კინემატოგრაფიული წარსულის მქონე ქვეყანაში სერიალებისა და ფილმების მოყვარულები ყოველ წელს ერთ პატარა ქალაქში - ლილში იკრიბებიან, სადაც საერთაშორისო ფესტივალი იმართება. "Series Mania" საფრანგეთში 2018 წლიდან ტარდება და ამ პერიოდში ქალაქს 75 ქვეყნიდან კინოინდუსტრიის 5000-მდე წარმომადგენელი სტუმრობს.
ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი სერიალების ინდუსტრიის წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილეებს გამოცდილებას უზიარებენ და საკუთარ ნამუშევრებს წარადგენენ.
აქ საქართველოც არის - ქალაქ ლილის "გრან პალეში".
პატარა საქართველო დიდი მიზნებით - ევროპული კულტურის თანაზიარი. სტუმრები ამ დარბაზში გამორჩეული მიზნით იკრიბებიან - ხელი მოეწეროს კონვენციას, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გასული წლის ნოემბერში შექმნა და რომელიც კულტურული მრავალფეროვნების დაცვასა და საპროდიუსერო სექტორის გაძლიერებას გულისხმობს. დოკუმენტი პირველად ამკვიდრებს საერთო სტანდარტებს სერიალებისთვის.
საფრანგეთს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს. თავის გამოსვლაში გენერალური მდივანი ალენ ბერსე აღნიშნავს, რომ დოკუმენტიც და ხელმოწერის ცერემონიაც ისტორიულია. ის საუბრობს იმ ცხრა ქვეყანაზე, რომლებიც კონვენციის ხელმომწერები გახდნენ - საქართველო საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, ლუქსემბურგის, მალტისა და მონტენეგროს გვერდით.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ევროპულ მომავალზეც ისაუბრა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქვეყანას ეძლევა.
ისტორიულ დოკუმენტს ხელი საქართველოს კულტურის მინისტრმა მოაწერა. საქართველოს დელეგაცია ლილში საფრანგეთის კულტურის მინისტრისა და ევროსაბჭოს ოფიციალური მიწვევით ჩავიდა. თინათინ რუხაძის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი ღია კარი ევროპასთან, სადაც ქართველმა შემოქმედებმა საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდრონ.
კონვენციაზე ხელმოწერა საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილია და მიზნად ისახავს აუდიოვიზუალური პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
დოკუმენტი ვრცელდება სცენარზე დაფუძნებულ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ სერიალებზე. იგი ადგენს საერთო წესებს - ერთობლივად წარმოებული სერიალები მიიღებენ ოფიციალურ სტატუსს და ისარგებლებენ იმავე შეღავათებით, რაც ეროვნული ნაწარმოებებისთვის არის გათვალისწინებული.
კონვენციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის კინოპროდუქციის ხილვადობის გაზრდას გლობალურ აუდიოვიზუალურ სივრცეში.
მდინარე სენას სანაპირო ისევ სავსეა ტურისტებით. რომანტიკა კვლავ ყველგანაა. მალე ისტორიული ქალაქის ეს ადგილები ისევ გადაიქცევა გადასაღებ მოედნად - სადაც ახალი ისტორიები შეიქმნება.