06 აგვისტო 2026,   20:38
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები რეგიონებში - ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართა

მალე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს - რეგიონული ტურნეს პირველი გაჩერება ბათუმია. სწორედ აჭარაში გაიმართა პირველი კონფერენცია, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები განიხილეს და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელება დაგეგმეს.

"ქართული ოცნების" გუნდის გაცხადებული პოლიტიკა - რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან - უკვე დაიწყო. აჭარაში გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად განათლების რეფორმა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აინტერესებთ.

კონფერენციის მონაწილეებმა კითხვებზე პასუხები "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და წევრებისგან მიიღეს.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, მონაწილეებს აქტიური და ინტენსიური კომუნიკაცია დაჰპირდა. მისი თქმით, მიზანია ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში.

ახალგაზრდებთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმაც, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა.

კონფერენციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტის წევრი ლაშა ტალახაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ აჭარაში შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

ახალგაზრდებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.

დღის ამბები