08 აგვისტო 2026,   06:59
ვრცლად
მრავალწლიანი კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ - მმართველი გუნდი ოპონენტებს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

"არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა" - გვასწავლის ათი მცნებიდან მეცხრე. თუმცა, როცა სიცრუე პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ზოგიერთისთვის მცნება უბრალო ტექსტად რჩება, სიმართლე კი - მსხვერპლად.

ასე მოხდა ქართული ოპოზიციის, აქტივისტებისა და ენჯეო სექტორის შემთხვევაშიც - მათი მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მრავალწლიან ბრძოლას პასუხი საზოგადოებამ გასცა - გლოვის დღეებში, მაშინ, როცა ერი და ბერი სულიერ მამას ემშვიდობებოდა.

ილია მეორის ღვაწლთან ერთად, ისტორიას მისი უკანასკნელი გზაც დარჩება - გზა, რომელიც, გლოვისა და სიამაყის განცდის ფონზე, ერთიანობის სიმბოლოდ იქცა - იმ ერთიანობისა და სიყვარულისა, რომელსაც წლების განმავლობაში თავად გვასწავლიდა.

იცოდა თავადაც - ანტიეკლესიური კამპანიის გაძლიერებაზე ჯერ კიდევ 22 წლის წინ საუბრობდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2004 წელს, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, ინტერვიუში იმ გარე ძალებზე აკეთებდა აქცენტს, ვის ინტერესშიც ჩვენს ქვეყანაში ძლიერი ეკლესია არ შედის.

ამ ინტერვიუდან გავიდა წლები და კვლავ ამბობდა, რომ პატრიარქი კონკრეტული ჯგუფების მხრიდან არაერთხელ გამხდარა თავდასხმების ობიექტი - წლების განმავლობაში.

"რელიგიური ომი" საქართველოს სულიერი საყრდენის გამოსაცლელად - ასე აფასებს ქვეყნის პირველი კანონმდებელი 22-წლიან ანტიეკლესიურ კამპანიას. პარლამენტის თავმჯდომარე ეკლესიის წინააღმდეგ გარედან მართულ პროცესზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის, რაც დღეს ოპოზიციის ნაწილისა და აქტივისტების მთავარი იდეოლოგიაა, პატრიარქმა ჯერ კიდევ წლების წინ დაინახა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ეკლესიის მიმართ სააკაშვილის დამოკიდებულებას, მათი შეფასებით, არაერთი ფაქტი ადასტურებს. არქივი ილია მეორის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც ინახავს.

პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ წლების წინ დაწყებულ კამპანიაში, პოლიტიკოსებთან ერთად, ჩართულები იყვნენ ენჯეოები, აქტივისტები, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები და სასულიერო პირებიც. ისმოდა მძიმე ბრალდებები, მათ შორის - რუსეთის აგენტობის შესახებ.

გამონაკლისი არც გლოვის დღეები ყოფილა - ქვეყანას უმძიმესმა ამბავმა შეძრა, თუმცა გარკვეულმა ჯგუფებმა წლების წინ დაწყებული კამპანია არც ამ დღეებში შეწყვიტეს.

გლოვის დღეების შემდეგ კი მთავარი სამიზნე პატრიარქის მოსაყდრე გახდა. მეუფე შიოს მიმართ ცილისმწამებლური კამპანია წლების წინ დაიწყო - მას შემდეგ, რაც ილია მეორემ სიცოცხლეშივე ნდობა გამოუცხადა და მოსაყდრედ დანიშნა.

ოპოზიციის ნაწილმა კვლავ გამოიყენა იგივე რიტორიკა და სასულიერო პირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია გააძლიერა. ისმის ბრალდებები, თუმცა არგუმენტები საჯაროდ არ ჩანს.

2017 წლის 23 ნოემბერი - ილია მეორე მოსაყდრედ მეუფე შიოს ასახელებს.

ამ გადაწყვეტილებიდან წლების შემდეგ, გარკვეული ჯგუფები ეკლესიასა და სინოდის წევრებზე ზეწოლას აძლიერებენ. საუბარია ასევე დაფარული ანდერძის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟზე. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე იხსენებს, რომ როდესაც პატრიარქმა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება გადაწყვიტა, ვიწრო წრეში აღნიშნა - ეს გადაწყვეტილება სწორედ იმისთვის მიიღო, რომ ამ თემაზე სპეკულაციები შეწყდეს.

დეკანოზი დავით ტატანაშვილის განცხადებით, პატრიარქის მიზანი იყო, რომ ანდერძთან დაკავშირებული საკითხი ბუნდოვანი არ დარჩენილიყო.

ანტიეკლესიური კამპანიის მიზანი ქვეყნის სულიერი და ეროვნული იდენტობის შერყევაა - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მათი ამოცანა ეროვნული ინტერესების დაცვაა, მათ შორის ეკლესიის გაძლიერება და დამოუკიდებლობის შენარჩუნება. სახელისუფლებო პარტია 2012 წლამდე და შემდგომ პერიოდს ადარებს და აღნიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ანტიეროვნული და შეურაცხმყოფელი კამპანია. მმართველი გუნდი ოპოზიციისა და აქტივისტების ქმედებებს უცხოეთიდან წახალისებულ სიძულვილის კამპანიად აფასებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წლების განმავლობაში მიმდინარე კამპანიისა და გარკვეული ჯგუფების სტრატეგიის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.

პატრიარქობის თითქმის ნახევარი საუკუნე და წინააღმდეგობა, რომელიც ამ წლებს თან სდევდა - ოპოზიციისა და აქტივისტების კამპანია, შეფასებების მიხედვით, ჩავარდა. ამის დასტურად სახელდება ის დღე, როდესაც მთელი საქართველო ერთიანად, მდუმარედ და დიდი გლოვით საკუთარ სულიერ მამას უკანასკნელ გზაზე აცილებდა.

დღის ამბები