ომი ახლო აღმოსავლეთში - რამდენ ხანს გაგრძელდება დაპირისპირება და ჩაანაცვლებს თუ არა რაკეტებს - დიპლომატია, სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან ერთი თვის თავზე? - ამერიკა - ირანს 15-პუნქტიან გეგმას პაკისტანის შუამავლობით აწვდის, თუმცა თეირანში აცხადებენ, რომ ამერიკა რეალურად მხოლოდ საკუთარ თავს ელაპარაკება. არცერთი მხარე არ თმობს. პოზიციები ისევ წინააღმდეგობრივია.
სამხედრო მოქმედებები კი არ წყდება - იერიშები გრძელდება ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე, ხოლო თეირანი, საპასუხოდ, უტევს როგორც ისრაელს, ისე - რეგიონში ამერიკულ სამხედრო ბაზებს.
ირანი მზად არის, გამდიდრებული ურანი რუსეთში გადაიტანოს, თუმცა წითელ ხაზებსაც ინარჩუნებს და ბირთვულ პროგრამაზე სრულად უარის თქმას არ აპირებს. ამერიკისთვის კი ეს პირობა მიუღებელია.
ცალკე საკითხია ჰორმუზის სრუტე, რომელიც კვლავ პარალიზებულია - ენერგეტიკული არტერია, რომლის ბლოკირებამ მსოფლიო ენერგეტიკული ბაზარი უკვე შეარყია და ფასები მკვეთრად გაზარდა.
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაცია ზუსტად ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. ავიადარტყმების სამიზნე ირანის სხვადასხვა ქალაქში არსებული ბირთვულ ობიექტები, სამხედრო ბაზები, სარაკეტო ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები იყო.
მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ, ირანი ბალისტიკური რაკეტებითა და დროებით თავს ესხმის ისრაელს, ასევე, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს სპარსეთის ყურის რეგიონში: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, კატარში, ომანსა და ბაჰრეინში. ირანული რაკეტა ჩამოვარდა ერაყშიც.
ავტორი: ნათია ჩეხერია