ონკოლოგიური პათოლოგიების, აივ ინფექციის, B და C ჰეპატიტის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, უფასო სკრინინგი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. აჭარის რეგიონში გამოკვლევის ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მედიკოსების თქმით ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა შესაძლო გართულების თავიდან ასაცილებლად.
ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში გამოკვლევები ჩატარდა ფოთსა და სენაკშიც. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს.
სკრინინგის პროცესის პარალელურად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან აქცენტი მოსახლეობის ინფორმირებაზე გაკეთდა. ითქვა, რომ გამოვლენილი შედეგების შემდგომ მკურნალობას სახელმწიფო პროგრამები უზრუნველყოფს. ონკოლოგიური მიმართულებით პროგრამა კვლევებისა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს. დიაგნოსტიკა/თერაპია სრულად დაფინანსდება B და C ჰეპატიტების, ასევე აივ ინფექციის გამოვლენის შემთხვევაშიც.
გამოკვლევები აჭარის რეგიონში ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით ტარდება. სკრინინგი უკვე ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში. კამპანია, ეტაპობრივად, 15 ნოემბრის ჩათვლით ქვეყნის ყველა რეგიონში გაგრძელდება.