07 აგვისტო 2026,   14:19
ვრცლად
გამომშვიდობება პატრიარქთან და კონცერტი, რომელიც მის ხსოვნას ეძღვნება - ვახტანგ კახიძის ავტორობით შექმნილი საგალობელი

"პატრიარქის დროს დავწერე ეს ნაწარმოები და მის დასაფლავებამდე დღეებში მოვაწესრიგე" - ასე შეიქმნა ვახტანგ კახიძის ავტორობით საგალობელი, "პიერ ჯესუს დომინე", მოწყალეო უფალო იესო, რომელიც პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა.

პრემიერა დღეს, კახიძის მუსიკალურ ცენტრში შედგა. პატრიარქისადმი მიძღვნილი ახალი ნაწარმოები მსმენელმა პირველად მოისმინა. მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში რეპეტიციები მიმდინარეობდა.

კონცერტმა, რომელსაც თავად ავტორმა უდირიჟორა, სახელმწიფო საგუნდო კაპელა, თბილისის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტი - ქეთევან ქართველიშვილი შეკრიბა. თითოეული მათგანი პატრიარქის და მუსიკის სიყვარული აერთიანებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქეთევან ქართველიშვილი პატრიარქის სიცოცხლეშივე ხშირად ასრულებდა მის საგალობლებს, დღევანდელი საღამო მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. შემსრულებელი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ახლა მისთვის გაორმაგებულია.

წლების განმავლობაში, ილია მეორის საგალობლების ორიგინალი ვერსიები ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორებმა გადაამუშავეს. მათ შორის იყო ვახტანგ კახიძეც, რომელმაც პატრიარქის მუსიკალურ ჩანაფიქრებს ახალი ჟღერადობა შესძინა.

ეს მუსიკა ერთგვარ უხილავ ჯაჭვად იქცა, რომელიც ავტორს, შემსრულებლებსა და მსმენელს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესს პროფესიული მუსიკალური განათლება არ ჰქონია, მან შექმნა საგალობლები, რომლებიც დღეს რწმენისა და ერის ერთიანობის სიმბოლოა. პატრიარქის მუსიკალური მემკვიდრეობა ყველასთვის ახლობელი და გასაგები აღმოჩნდა — დღეს ის ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია

„წმინდაო ღმერთო“, „მოდი ჩემთან, უფალო“, „კირიე ელეისონ“, „იხარებს სული შენი“, „ევქარისტია“, „დავიღალე“, „ალილუია“, „Ave Maria“, - ეს არასრული სიაა პატრიარქის შექმნილი საგალობლებისა და მუსიკალური ნაწარმოებების.

"ქართული გალობა უფლისადმი სიყვარულის გამოხატულებაა“ - ამბობდა პატრიარქი. ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის განმავლობაში, უწმინდესმა უდიდესი როლი შეასრულა არა მხოლოდ ტაძრების მშენებლობაში, არამედ ქართული გალობის ტრადიციის გაცოცხლებაშიც. ილია მეორის მიერ შექმნილი მელოდიები ქართველების გულსა და გონებაში მუდამ დარჩება, როგორც მისი სულიერი მემკვიდრეობის სიმბოლო.

ავტორი: თიკო ლობჯანიძე. 

დღის ამბები