ირანში, შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 29-დღეს, ჰუსიტები პირველად ჩაერთვნენ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. იემენელმა ჰუსიტებმა სამხრეთ ისრაელის მიმართულებით, ქალაქ ბეერ-შევასკენ ბალისტიკური რაკეტები გაისროლეს. ჰუსიტების განცხადებაში ნათქვამია, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდება, ვიდრე აგრესია ყველა ფრონტზე არ შეწყდება. სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ჰუსიტებმა გუშინ დააანონსეს.
იემენიდან გაშვებული რაკეტების მოგერიება ისრაელის თავდაცვის სისტემამ შეძლო, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში სამიზნეებს მიაღწია იმ რაკეტებმა, რომლებიც ირანიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით გაუშვეს. ისრაელის მედიის ცნობით
ირანულ რაკეტას კასეტური ბომბის ქობინი ჰქონდა, რომლის აფეთქების შედეგად საკმაოდ დიდი ტერიტორია დაზიანდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა შვიდი ადამიანი. გასული ღამის განმავლობაში განგაშის ხმა ისმოდა იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს, ირანის ელექტროსადგურზე და ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული იერიშის გამო, დაემუქრა.
ირანმა საუდის არაბეთში ავიაბაზასაც დაარტყა, დაშავდა 12 ამერიკელი სამხედრო. ცოცხალ ძალასთან ერთად, დაზიანდა ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი. თავდასხმა განხორციელდა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზეც. დაზიანდა სარადარო სისტემა ქვეყნის მთავარ აეროპორტში. აბუ დაბიში კი რაკეტების ნამსხვრევებია ნამსხვრევები ინდოეთის ხუთ მოქალაქეს მოხვდა. რეგიონის ქვეყნები ირანის პრეზიდენტმა გააფრთხილა.
საპასუხოდ იბომბება ირანი. თეირანში, ისპაჰანში, შირაზსა და დეზფულში, სამიზნეა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ინფრასტრუქტურული ობიექტები და სამრეწველო ქარხნები. სამხედრო იერიშების პარალელურად სულ უფრო აქტუალური ხდება, კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის შესაძლებლობა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ოპერაცია დაუსრულებლად არ გაგრძელდება. მარკო რუბიო რამდენიმე კვირაზე საუბრობს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომლის გადაწყვეტილებით, 6 აპრილამდე უნდა შეჩერდეს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები ,ჰორმუზის სრუტეს ტრამპის სრუტეს უწოდებს და მის დაუყოვნებლივ გახსნას მოითხოვს.
თეირანი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების უფლებას მხოლოდ ე.წ. "არამტრული" ქვეყნების ხომალდებს აძლევს. ირანული მხარის განცხადებით, გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა, სრუტის გავლა მხოლოდ ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ერაყისა და პაკისტანის გემებს შეუძლიათ.