18 ივნისი 2026,   18:37
ვრცლად
უნგრეთი არჩევნებისთვის ემზადება - 16 დღეში მოქალაქეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება საარჩევნო ყუთებთან მოუწევთ

"ფიდესი" თუ "ტისა" - ეს ის ორი ლიდერი პარტიაა, რომელთა შორისაც 12 აპრილს უნგრეთის მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს. ვიქტორ ორბანისთვის ეს არჩევანია ომსა და მშვიდობას შორის, ამის შესახებ მან სიტყვით გამოსვლის დროს მოსახლეობასთან ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. გამარჯვების შემთხვევაში მათ "განვითარებასა და უსაფრთხოებას" დაჰპირდა. განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ დაუშვებს, არჩევნებზე უკრაინულმა მანიპულაციებმა მოახდინოს გავლენა.

ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ათასობით მოქალაქე ამჯერად უნგრეთის ქალაქ დიორის ქუჩებში გამოვიდა. მათ ბანერები ეჭირათ ხელში, რომელზეც ვოლოდიმირ ზელენსკისა და პიტერ მადიარას გადახაზული ფოტოები იყო, წარწერით არა ომს. ქუჩაში გამოსული მოქალაქეების უმეტესობა ემხრობა ქვეყნის პრემიერის მთავარ საარჩევნო დაპირებას და გეგმებს, რომელიც ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას ეფუძნება.

თავის მხრივ, უნგრეთის სხვადასხვა ქალაქში საპასუხო საარჩევნო კამპანიას ატარებს მემარჯვენე ცენტრისტული პარტია "ტისას" ლიდერი პიტერ მადიარა, რომელმაც საკუთარ youtube გვერდზე მიმართვა გამოაქვეყნა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ბოლო განცხადებაში, რომელიც ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ ორბანი შესანიშნავი ლიდერია, რადგან მისთვის პრიორიტეტი საკუთარი ქვეყნის ინტერესებია: იცავს უნგრეთის სუვერენიტეტს უსაფრთხოებას და მშვიდობას ქვეყანაში.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს არის დანიშნული. მანამდე ქვეყანაში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, ბუდაპეშტში შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ელოდებიან.

დღის ამბები