07 აგვისტო 2026,   20:38
ვრცლად
ვინ გახდება ახალი პატრიარქი - საპატრიარქო, საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ილია მეორის გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, დიდი მარხვაა, წინ კი ვნების კვირა - ამ ფონზე საპატრიარქო საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მიზეზი გარკვეული ჯგუფების ვნებათაღელვაა საკითხზე - ვინ გახდება ახალი პატრიარქი. საერო პირები საჯარო სივრცეში აქტიურობენ, მათ შორის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს წინააღმდეგ. სასულიერო პირები კი მკაფიოდ განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება წმინდა სინოდის ექსკლუზიური პრეროგატივაა, შესაბამისი პროცედურები გაწერილია, მეუფე შიო კი ილია მეორემ საკუთარ სიცოცხლეში სწორედ იმიტომ გამოარჩია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო მსჯელობა - პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით.

ილია მეორემ ვიწრო წრეში განმარტა, თუ რას ემსახურებოდა 2017 წლის 23 ნოემბერს ამბიონიდან გამოცხადებული მისი გადაწყვეტილება - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, პატრიარქის ნება და ანდერძი სწორედ ამ ფორმით გაცხადდა. მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრედ დასახელების პერიოდი მან გუშინ გაიხსენა, როდესაც მედიასთან განცხადებას აკეთებდა.

სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს პოლიტიკოსებს მმართველი გუნდიც. უმრავლესობა საკუთარ ოპონენტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათ აქტივისტებს ურჩევს, აღარ გააგრძელონ ის ანტიეკლესიური კამპანია, რომელიც წლების წინ დაიწყო. ამბობენ, რომ ეკლესიაზე შეტევის მცდელობებს მოსახლეობამ 22 მარტს საკუთარი ერთიანობით უპასუხა, თუმცა ფიქრობენ, რომ სწორედ ეს გახდა მეუფე შიოს წინააღმდეგ დაწყებული ახალი ტალღის მიზეზი.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ანტიეკლესიური კამპანიის მიზანი ქვეყნის სულიერი და ეროვნული იდენტობის შერყევაა, და სწორედ ამას ემსახურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი აქტივისტები, ენჯეოები და კონკრეტული მედიები. არქივი კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაში მონაწილე სუბიექტების არაერთ განცხადებას ინახავს.. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს არც კონკრეტულ პერსონებზე საუბრობენ და მიმდინარე პროცესებზე კომენტარისგანაც თავს იკავებენ..

სინოდის გადაწყვეტილებამდე ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში რომ გარკვეულ ჯგუფებს მცდარი წარმოდგენები გაუჩნდათ, ამაზე საუბრობს ქართული ოცნება, სწორედ ამით ხსნის შეტევას ახლა უკვე კონკრეტულად შიო მუჯირზეც.. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეკლესიის გაყოფის მცდელობა და ორკესტრირებული იერიში ქვეყნის გარედან იმართება და ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის კარგად ნაცნობი მეთოდია..

ილია მეორის პატივით დაკრძალვიდან დღეს ზუსტად 1 კვირა გავიდა, თუმცა ყველას ახსოვს ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლითაც აქტივისტების ნაწილი სოციალურ ქსელში დაუფარავად ესხმოდა თავს პატრიარქს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროსაც. პატრიარქის გარდაცვალებიდან ახლა 40 დღე უნდა გავიდეს, რომ წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნოს და მღვდელმთავრებმა ფარული კენჭისყრით აირჩიონ უწმინდესის მემკვიდრე და მისი ადგილმონაცვლე.

დღის ამბები