18 ივნისი 2026,   16:04
ვრცლად
რაკეტების და დრონების ქარხნები, იარაღის საწყობები, სტრატეგიული ავიაბაზები, აეროპორტები, საპორტო ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები - აშშ-ისრაელის ძალები ირანზე ინტენსიურ იერიშებს განაგრძობენ

რაკეტების და დრონების ქარხნები, იარაღის საწყობები, სტრატეგიული ავიაბაზები, აეროპორტები, საპორტო ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები. აშშ-ის და ისრაელის გაერთიანებული ძალები ირანის სამხედრო და ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაზე ინტენსიურ იერიშებს განაგრძობს. აფეთქებებია თეირანის, ისპაჰანის, ფარსის, ბუშერის და ჰამედანის პროვინციებში.

ირანის თავდასხმის სამიზნე კი, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ნაჰარია გახდა. სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 13 მოქალაქე, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მეხანძრე მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. დარტყმის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და განადგურებულია ავტომობილები.

საომარი მოქმედებების პარალელურად, თეთრი სახლი აცხადებს, რომ თეირანს ვაშინგტონთან დიპლომატიური მოლაპარაკებების აღდგენა სურს. საპასუხოდ, შტატების პრეზიდენტმა ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ათი დღით გადადო და ისლამური რესპუბლიკის კეთილი ნების ჟესტზეც ისაუბრა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანში — ჰორმუზის სრუტეში — ათი ნავთობტანკერი გაატარა.

საპირისპიროს ამტკიცებს ოფიციალური თეირანი. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში იკრძალება ნებისმიერი ხომალდის გადაადგილება, რომელიც ისრაელისა და ამერიკის მოკავშირე ქვეყნების პორტებისკენ მიემართება. თეირანში აცხადებენ, რომ მსგავსი მარშრუტით მცურავი ნებისმიერი გემის წინააღმდეგ „ხისტ ზომებს “ გამოიყენებენ.

ცნობილია ისიც, რომ თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უფლებას მხოლოდ ე.წ. „არამტრული“ ქვეყნების ხომალდებს აძლევს. ირანული მხარის განცხადებით, გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ორი დღის წინ ამოქმედდა, სრუტის გავლა მხოლოდ ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ერაყისა და პაკისტანის გემებს შეუძლიათ.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები