03 აგვისტო 2026,   06:55
ვრცლად
4 ოქტომბრის დამხობის მოწოდებების მარკეტინგულ სვლად გასაღება - მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ახალი თავის მართლება

საპრეზიდენტო სასახლის ეზოში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებულ ვიდეოში, პაატა ბურჭულაძე საზოგადოებას საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს და ორგანიზატორებს აცნობს. მალევე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე და ლაშა ბერიძე, თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენას იკავებენ. ჯერ ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებას ითხოვენ, შემდეგ კი დემონსტრანტებს ორბელიანების რეზიდენციასთან გადანაცვლებისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზატორების მოწოდებიდან რამდენიმე წუთში კი, აქცია ძალადობრივ ხასიათს იღებს, დემონსტრანტები საპრეზიდენტო სასახლის ღობეს ამტვრევენ და ეზოში იჭრებიან.

აქციის ხუთივე ორგანიზატორი დღეს განსასჯელის სკამზეა, თუმცა წარდგენილ ბრალს არც ერთი აღიარებს. პაატა მანჯგალაძე დღეს ამბობს, რომ მშვიდობიანი დამხობა, რასაც ოპოზიციაა თვეებით ადრე აანონსებდა, მას მარკეტინგული ხრიკი ეგონა.

ამ არგუმენტით ცდილობს ახლა თავის მართლებას მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული ოპოზიციონერი. პაატა მანჯგალაძის დამცველად იქცა ლევან იოსელიანი, რომელიც პროკურატურის მიერ მოპოვებული მასალების, მიუხედავად ამბობს, რომ ბრალდებული პოლიტიკოსის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

სახალხო დამცველს დღეს "ქართული ოცნებიდან" უთხრეს, რომ როცა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ხარ და არც ძალადობრივ პროცესებს ემიჯნები, ეს უკვე დანაშაულია. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, ორგანიზატორების მიზნები რეალობად რომ ქცეულიყო, მათი განცხადებები დღეს სულ სხვანაირი იქნებოდა.

4 ოქტომბრის აქცია არა ძალადობრივი, არამედ მშვიდობიანი იყო "ნაციონალური მოძრაობისთვის". ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს უაპელაციოდ სჯერა, რომ ყველა ბრალდებული უდანაშაულოა.

მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს მმართველი გუნდი პაატა მანჯგალაძეს და ლევან იოსელიანსაც. სახელისუფლებო პარტიის წევრები ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მიზანი რევოლუციური გზით, პოლიტიკური რეალობის შეცვლა იყო. ეს სცენარი კი "ქართული ოცნების" განცხადებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის შიგნით მყოფი ოპოზიციისთვის დაიწერა.

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაკავებულია ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე ათეულობით დემონსტრანტი, მათ შორის, სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში არიან - პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები