ახალი შესაძლებლობები და პრაქტიკული გზები საბანკო სექტორის სამომავლო გაძლიერებისთვის.
თბილისმა საერთაშორისო საბანკო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიების მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა მიმართა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში არსებული სტაბილური ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ქვეყანაში ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ ნდობის გაძლიერება, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეროვნული ვალუტის სიმყარეს განსაზღვრავს.
250-ზე მეტი დელეგატი, 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან - საერთაშორისო საბანკო კონფერენცია ბანკი "ქართუსა" და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
ასოციაციას, რომლის მიზანი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა, ბანკი "ქართუ" 2024 წლიდან შეუერთდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული საბანკო ასოციაციის საქმიანობაში.
საქართველოს საბანკო სექტორის გაცნობა რეგიონულ ჭრილში, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ფისკალური პოლიტიკა, საინვესტიციო გარემო, გავლენიან ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება - კონფერენციის მონაწილეების განმარტებით, მსგავსი პლატფორმის თბილისში გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ იზრდება საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან ინტერესი საქართველოს მიმართ. როგორც უცხოელ, ისე ქართველ დელეგატებს, კონფერენციის მიმდინარეობისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმაც მიმართეს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები გააცნეს.
ბანკი "ქართუ" არის პირველი ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც საბანკო ასოციაციასთან პარტნიორობით საერთაშორისო საბანკო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია წელს პირველად ჩატარდა
ცენტრალური ევროპის ფარგლებს მიღმა. ღონისძიების თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის მზარდ როლს, საერთაშორისო ფინანსურ ასპარეზზე.