ვის ინტერესშია შეტევა ქართულ ეკლესიაზე? - სახელისუფლებო გუნდი კონკრეტულ ძალებზე მიუთითებს, რომლებიც ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციაში საკუთარ კონკურენტს ხედავენ.
დისკრედიტაცია ფსევდოიდეოლოგიით ჩანაცვლებისთვის - მმართველი პარტიის ლიდერების თქმით, პროცესი ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო, რაზეც თავად პატრიარქიც საუბრობდა 2004 წელს, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყნის გარედან დაფინანსებულ ორგანიზებულ კამპანიას ქვეყნის შიგნით, ილია მეორის პატივის მისაგებად გაერთიანებულმა მოსახლეობამ, სათანადო პასუხი უკვე გასცა.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ანტიეკლესიური კამპანიის მიზანი ქვეყნის სულიერი და ეროვნული იდენტობის შერყევაა, და სწორედ ამას ემსახურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი აქტივისტები, ენჯეოები, კონკრეტული მედიები თუ ცალკეული სასულიერო პირები, რომლებსაც საპატრიარქოს და უშუალოდ პატრიარქის დაუსაბუთებელი შეურაცხყოფის გამო მსახურების უფლებაც აეკრძალათ. ილია მეორესთან ერთად სამიზნე იყო და დღემდე რჩება მისი მოსაყდრე მეუფე შიოც. ბრალდებები მძიმე და დაუსაბუთებელია. მათ შორისაა ეკლესიისთვის ანტიდასავლური იარლიყის მიკუთვნება, რუსულ გავლენებზე აპელირება... ეს იმ ფონზე, როდესაც ეკლესიაში განხეთქილება დიდ რისკებს უკავშირდება და ეს თავადაც კარგად იციან.
ეკლესიის გაყოფის მცდელობა და ორკესტრირებული იერიში, რომ ქვეყნის გარედან იმართება, ამაზე დიდი ხანია საუბრობს "ქართული ოცნება". უმრავლესობაში ამბობენ, რომ მიზანმიმართული კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა, რადგან კონკრეტულ სუბიექტებს ეკლესიასთან დაკავშირებით ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში მცდარი წარმოდგენები აქვთ.
წლების განმავლობაში, კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაში მონაწილე სუბიექტების უმრავლესობამ, ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დღეს რიტორიკა შეცვალეს, საკუთარ კოლეგებს ემიჯნებიან სხვებიც. ემიჯნებიან და თან ამართლებენ - გამოხატვის თავისუფლებით.
პოლიტიკური ფარისევლობა - ასე აფასებს უმრავლესობა ოპოზიციის დღევანდელ პოზიციას. იხსენებენ, რომ აქტივისტების ნაწილი დაუფარავად ესხმოდა თავს 93 წლის პატრიარქს, სოციალურ ქსელში ილია მეორის დაკნინებისა და შეურაცხყოფის არაერთი პოსტი გამოქვეყნდა - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან დაკრძალვის დღემდე. 22 მარტს კი, პატრიარქის და ეკლესიის გარშემო მოსახლეობის უმრავლესობის გაერთიანების გამო, ოპოზიცია დღეს ცდილობს, საკუთარი განწყობები დამალოს.
ხელისუფლება ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სპეკულაციებისგან და დაელოდონ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომელიც პატრიარქის ღირსეულ მემკვიდრეს გამოარჩევს.