03 აგვისტო 2026,   18:54
ვრცლად
პოლიციამ ნარკოტიკის გავრცელების ფაქტები აღკვეთა - გამოძიების ინფორმაციით, ყველა მათგანი სხვადასხვა სახის ნარკოტიკს უცხოეთში ყიდულობდა, შემდეგ კი მის გაყიდვას საქართველოში აპირებდნენ

საკვები დანამატის ქილებში მოთავსებული "მეფედრონი" უკრაინის მოქალაქემ ამანათით მიიღო. პაველ ბელიაიევმა ნარკოტიკი პოლონეთიდან გამოიწერა და საქართველოში გაყიდვას აპირებდა.

საქართველოში გამოგზავნილი ამანათის კვალზე სამართალდამცველები გავიდნენ, ოპერატიული ღონისძიებები გაატარეს და საკონტროლო მიწოდება განახორციელეს. კუთვნილი ამანათის აღებისთანავე 27 წლის უკრაინელი ადგილზევე დააკავეს.

ამანათის საკონტროლო მიწოდების დროს ხელბორკილები დაადეს უკრაინის კიდევ ერთ მოქალაქეს. ვიტალი იანოვსკიმ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" ამერიკიდან გამოაგზავნინა.

სამართალდამცველებმა 40 წლის იანოვსკის ნაქირავები ბინაც გაჩხრიკეს. ეს კადრებიც სწორედ მის დროებით საცხოვრებელშია გადაღებული. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები უკრაინის მოქალაქეს სპეციალურ სამალავში ჰქონდა დამალული. ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობებიც.

ბოლო რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა ნარკოტიკის გავრცელების არაერთი ფაქტი აღკვეთეს. უკრაინის მოქალაქეებთან ერთად დაკავებულები არიან საქართველოს, რუსეთის და ყირგიზეთის მოქალაქეებიც. გამოძიების ინფორმაციით, ყველა მათგანი სხვადასხვა სახის ნარკოტიკს უცხოეთში ყიდულობდა, შემდეგ კი საქართველოში გაყიდვას აპირებდნენ.

ამანათით მიღებული ნარკოტიკის გაყიდვა ვერ მოასწრო ყირგიზეთის მოქალაქემ. პოლიციამ ის პეკინის ქუჩაზე აიყვანა. "კურიერის" ინფორმაციით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი "მეფედრონით" იყო სავსე.

დაკავებულების უმეტესობა დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების დროს მოპოვებული მტკიცებულებები საპირისპიროს ადასტურებს.

311 აბი "მდმა“, 9 კილოგრამამდე „მეფედრონი“, 2 კილოგრამზე მეტი „მეთადონი“, 4 კილოგრამამდე „ჰაშიში“, 1.5 კილოგრამამდე „კლეფედრონი“, „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინისა“ და ნარკოტიკული საშუალება "ალფა-PVP“-ის ნაზავი - პოლიციამ დაკავებულების ბინებისა და პირადი ჩხრეკისას ამოიღო.

ნარკოტიკების საქართველოში გავრცელების ფაქტები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ყოველდღიურად საპოლიციო ღონისძიებებს ატარებენ. უწყების ინფორმაციით, გუშინ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და თბილისსა და ბათუმში 4 პირი დააკავეს. ისინი ნარკოტიკს ე.წ. დადების მეთოდით ყიდდნენ. ამოღებულია 1544 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „ალფა-PVP“, „კლეფედრონი“, „მეტამფეტამინი“, „მდმა“ და „მარიხუანა“.

დღის ამბები