07 აგვისტო 2026,   03:19
ვრცლად
სახელისუფლებო გუნდი განმარტებებს ეკლესიის წინააღმდეგ წლების წინ დაწყებული სიძულვილის კამპანიის ავტორებისგან ითხოვს

სახელისუფლებო გუნდი განმარტებებს, ეკლესიის წინააღმდეგ, წლების წინ დაწყებული სიძულვილის კამპანიის ავტორებისგან ითხოვს. რატომ ესხმოდნენ თავს პატრიარქს, მოსაყდრეს და წმინდა სინოდს, ან როგორ ახსნიან საკუთარ განცხადებებს დღეს? - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათი მხარდამჭერი აქტივისტების, გარკვეული მედიის წარმომადგენლებისა თუ სასულიერო პირების მცდელობა გარდაცვლილი პატრიარქისა და მოსაყდრის სახელის დასაკნინებლად ეკლესიისა და სახელმწიფოს მიზანმიმართული მტრობაა.

განცხადებები, რომელზეც მმართველი გუნდი მიუთითებს, მრავლად ინახება არქივში. ეკლესიაზე კამპანიურ შეტევაში ყველაზე მეტად აქტიურობდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ამ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიის ავტორები დღეს საკუთარი განცხადების შეფასებას გაურბიან. ნაწილი "კურიერის" ზარებს არ პასუხობს, ან თუ პასუხობს, საკუთარი სიტყვების ახსნას თავს არიდებს.

ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული ამ პოლიტიკოსების დღევანდელი დუმილი, უმრავლესობისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიცია არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის მთავარი საყრდენის, არამედ ქვეყნის მტერია. რადგან უკვე წლებია თავად ემიჯნებიან საქართველოს და სარწმუნოებას.

არქივი ინახავს გარკვეული მედიის წარმომადგენლების შეურაცხმყოფელ, დეზინფორმაციულ და სიძულვილით მოტივირებულ განცხადებებსაც სასულიერო პირების, პატრიარქისა და მიტროპოლიტი შიოს წინააღმდეგ.

"კურიერის" ზარებს დღეს მხოლოდ ირაკლი ტაბლიაშვილმა უპასუხა და თქვა, რომ მიტროპოლიტ შიოზე დღესაც იმავეს ფიქრობს, თუმცა აღიარა, რომ მტკიცებულება არ აქვს და ეკლესიის წინააღმდეგ ყალბი იდეოლოგიის დანერგვას მხოლოდ საკუთარი ვერსიებით ცდილობს.

საზოგადოებას ახსოვს აქტივისტების აგრესიული შეტევებიც ილია მეორეზე, მათ შორის მაშინაც, როდესაც უწმინდესი კლინიკაში, სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიდა.

დღეს, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ მისი პოზიცია ყოველთვის საპატრიარქოს მოქმედების შესაბამისი იქნება. სააკაშვილის პარტიის ყოფილი წევრი და ოპოზიციონერი აქტივისტი მაია ორჯონიკიძე კი მხოლოდ იმას აღიარებს, რომ უწმინდესზე ირონიულად ისაუბრა.

სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ზოგიერთი აქტივისტისა თუ პოლიტიკოსის პოზიციების ცვლილების მიზეზი, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ერთიანობა გახდა, რაც 22 მარტს, უწმინდესის დაკრძალვის დღეს ყველაზე უკეთ გამოჩნდა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებით ამბობენ იმასაც, რომ ეკლესიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა, სამოციქულო ეკლესიას უფრო გააძლიერებს, აგრესიულ კამპანიაში ჩართულ აქტორებს კი დააზიანებს.

სიძულვილისა და ყალბი იდეოლოგიის დანერგვის მცდელობებზე, პრემიერ-მინისტრმა "იმედის" ეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკლესიის, პირადად პატრიარქისა და სასულიერო პირების წინააღმდეგ, წლების წინ დაწყებული სისტემური კამპანია, რომელსაც გარკვეული მედიასაშუალებებიც ეხმარებოდნენ, საბოლოოდ დამარცხდა.

ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული იყვნენ და განხეთქილების შეტანის მცდელობა ჰქონდათ სასულიერო პირებსაც. მეუფეებსა და მღვდელმონაზვნებს, რომლებსაც მსახურების უფლება სწორედ პატრიარქის მძიმე ცოდვებში დადანაშაულების, ეკლესიის იერარქებისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ დაუსაბუთებელი, შეურაცხმყოფელი ბრალდებების გამო წლების წინ აეკრძალათ. დღეს პეტრე ცაავა და ანდრია სარია ვერაფერს ამბობენ, ორივე დუმს და "კურიერის" ზარებს არცერთი არ პასუხობს.

დღის ამბები