საცხოვრებელი სახლიდან ფეხმძიმე ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გაიქცა. ქალი იძულებული იყო მოძალადე ქმრისგან თავი დაეღწია.
ოჯახში ძალადობის ფაქტი სოფელ კურდღელაურში მოხდა. 35 წლის ფეხმძიმე ცოლს, ქმარი ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა. ბოლო კონფლიქტის დროს კაცმა მეუღლეს ჯერ სცემა, შემდეგ კი მუქარით და იძულებით მასზე სექსუალურად იძალადა.
ფეხმძიმე ქალმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სამართალდამცველები დანაშაულის ადგილას მივიდნენ. 34 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ჩატარდა კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებიც, დანიშნულია ექსპერტიზა.
34 წლის მამაკაცი სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევია და ცოლზე ძალადობის დროს, მას პირობითი მსჯავრი ჰქონდა. დაკავებული მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მეუღლეს სიტყვიერად დაემუქრა, უარყოფს ცემის და სექსუალური ძალადობის ფაქტებს.
დაზარალებული ქალის მეუღლეს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის საქმეში, საკმარისი მტკიცებულებები უკვე დევს. წინასწარი შეცნობით, ოჯახის ფეხმძიმე წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდება - 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.