"ანტიეკლესიური კამპანია ძალიან გაძლიერდა" - პატრიარქთან ეს ინტერვიუ 2004 წელს არის ჩაწერილი. ჯერ კიდევ მაშინ ილია მეორე ღიად ამბობდა, რომ გლობალისტური ძალების წახალისებით საქართველოს ეკლესია, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო ძლიერი დარტყმის ობიექტია.
უწმინდესისა და უნეტარესის ეს საარქივო ვიდეო, საკუთარ "ფეისბუკ" პოსტს დაურთო პარლამენტის სპიკერმა. შალვა პაპუაშვილის თქმით, კათალიკოსი ორიათასიანი წლების დასაწყისში ამბობდა იმას, რაც დღეს ოპოზიციური სპექტრისა და აქტივისტების მთავარ მამოძრავებელ თვისებად იქცა. ეკლესიასა და უკვე გარდაცვლილ პატრიარქზე თავდასხმა, პაპუაშვილის აზრით ანტიქართული საქმიანობის პირდაპირი მტკიცებულებაა.
პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფა, დაცინვა და რუსული იარლიყის მიკუთვნება - ეს იმ ქმედებების არასრული სიაა, რომელსაც ოპოზიციონერი აქტივისტების განცხადებების სახით არქივი მრავლად ინახავს.
ორკესტრირებულ შეტევას ეკლესიაზე ოპონენტების მხრიდან, გლოვაში გაერთიანებული საზოგადოების დაყოფის მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში წლობით წარმოებულ ნეგატიურ კამპანიაზე საუბრობენ, რომელსაც კატეგორიული პასუხი ასიათასობით ქართველმა ერთობით, გარდაცვლილი პატრიარქის პანაშვიდებზე ნათლად გასცა.
არაერთი განცხადებისა და საარქივო მტკიცებულების მიუხედავად, დღეს ოპოზიციაში ისრების გადატანა სხვა მიმართულებით სცადეს. დაიცვეს საკუთარი მომხრე აქტივისტებიც და თქვეს, რომ უწმინდესისა და სამოციქულო ეკლესიის შეურაცხყოფა მათი მხრიდან არასდროს სმენიათ.
ოპოზიცია, აქტივისტები და ოპოზიციური მედია წლების განმავლობაში კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაში დაადანაშაულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, ილია მეორეს გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მიმდინარე პროცესები და თქვა, რომ ხელისუფლებას მის შესაჩერებლად სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა. მთავრობის მეთაური ოპონენტების დღევანდელ პოზიციას ფარისევლობას უწოდებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. უწმინდესი უკანასკნელ გზაზე მილიონზე მეტმა ქართველმა პატივით გააცილა. კათალიკოსი სამოციქულო ეკლესიას 49 წლის განმავლობაში მართავდა.