ირანიდან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, ლიბანიდან კი რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლა" ისრაელის ქალაქების და დასახლებების მიმართულებით, კასეტური ელემენტებით აღჭურვილ რაკეტებს უშვებს. თავდასხმის სამიზნე თელ-ავივი, კაფრ-ქასიმი და ჰაიფა გახდა. სხვადასხვა ლოკაციაზე ახლა სამაშველო ოპერაციები საჰაერო განგაშის პარალელურად მიმდინარეობს.
დარტყმებს ახორციელებს "ცახალიც". ისრაელის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, წერტილოვანი იერიშის შედეგად, ქალაქ ბენდერ-აბასში ლიკვიდირებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების სარდალი - ისრაელ კაცი ამბობს, რომ სწორედ ალირეზა ტანგსირი ხელმძღვანელობდა სტრატეგიული ენერგეტიკული მარშრუტის -ჰორმუზის სრუტის დანაღმვის და ბლოკირების ოპერაციას.
გრძელდება მოკავშირეების საჰაერო ოპერაციაც. თეირანის, ალბორზის, ყაზვინისა და ისპაჰანის პროვინციებში "ცახალმა" და "პენტაგონმა" ისლამური რესპუბლიკის სამხედრო-სამრეწველო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკვანძო ობიექტები დაბომბეს.
ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის მეოთხე კვირას მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო და დამხმარე ქვედანაყოფებს გადაისვრის. ცნობილია, ისიც, რომ უწყება შტატების თავდაცვის წარმოებას "საომარი მდგომარეობის რეჟიმზე" გადაიყვანს.
მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, ვაშინგტონი თეირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს. "ვოლ სტრიტ ჯურნალის" ინფორმაციით, ამ მიზნით ტრამპის გუნდმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის სპიკერი სამიზნეების სიიდან ამოიღო. გამოცემა წერს, რომ შტატების პრეზიდენტს სურს, ირანთან გაჭიანურებულ ომს თავი აარიდოს და კონფლიქტი უახლოეს კვირებში დაასრულოს.
ვრცელდება თეირანის პოზიციაც. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ შტატების და ისრაელის მიმართ წაყენებული პირობების სია გამოაქვეყნა. მოთხოვნებს შორისაა: ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენული უფლებამოსილების საერთაშორისო აღიარება და იურიდიული გარანტია, რომ ისლამურ რესპუბლიკაზე დარტყმა აღარ განმეორდება.
ვიდრე დიპლომატები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, ირანი მეზობელ ქვეყნებს და რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს რაკეტებითა და დრონებით უტევს. აფეთქებებია ერაყში, ქუვეითში და საუდის არაბეთში. სამიზნე სამოქალაქო და სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.