პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ პოლიტიკოსებისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვას ეხმიანება. როგორც ლევან მახაშვილი ამბობს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება იღებდა მსგავს გადაწყვეტილებებს, კეთდებოდა შეფასებები, რომ თურმე საქართველო ავიწროებდა პოლიტიკურ სივრცეს.
"ჩვენ რომ იგივეს ვაკეთებდით, გვახსოვს მსგავსი შეფასებები, რომ თურმე საქართველო ავიწროებდა პოლიტიკურ სივრცეს, ავიწროებდა სამოქალაქო სივრცეს, რომ ეს იყო თურმე შეტევა პოლიტიკურ თავისუფლებაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ეს იყო დემოკრატიული უკუსვლა. ასე, რომ მათ თავად შემოუბრუნდათ ის განცხადებები, რასაც თავის დროზე ამბობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. წარმატებებს ვუსურვებ რუსული კანონის განხორციელებაში," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შეზღუდვას გეგმავს. მედიის ინფორმაციით, "დაუნინგ სტრიტი" რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს.