რაც ახლა ხდება ახლო აღმოსავლეთში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თავის ტკივილია ჩვენთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნამდვილად არ აისახება დადებითად საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მოწადინებულია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აღდგეს ნორმალური ურთიერთობები ქვეყნებს შორის.
"რაც ახლა ხდება ახლო აღმოსავლეთში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თავის ტკივილია ჩვენთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნამდვილად არ აისახება დადებითად საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კონფლიქტი თუ ომი უკვე გადასწვდა სხვადასხვა რეგიონის სხვადასხვა ქვეყანას და ეს რეგიონი ჩვენთვის არ არის შორი. ეს არის ჩვენი სამეზობლო. ამიტომ, ამ კონფლიქტს უდიდესი გავლენა აქვს საქართველოზე და ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე. რთულია პროგნოზირება, თუ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ ნებისმიერი ომი და შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ჩვენს საზღვრებთან ახლოს მიმდინარეობს, ეს დამატებით პრობლემებს უქმნის საქართველოს. ამიტომ, ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აღდგეს ნორმალური ურთიერთობები ქვეყნებს შორის, აღდგეს ვაჭრობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს რეგიონში იყოს სტაბილურობა. ჩვენთვის მთავარია, ქვეყანაში მოხდეს კეთილდღეობის ზრდა. იმ ქვეყანაში, რომელიც გარშემორტყმულია ომებით და კონფლიქტებით, სანქცირებული სახელმწიფოებით, იქ კეთილდღეობის ზრდის მიღწევა ასჯერ უფრო რთულია, ვიდრე იმ ქვეყანაში, რომლის სამეზობლოც არის განვითარებული, რომლის სამეზობლოშიც არის მშვიდობა და რომლის სამეზობლოშიც არ არის სანქცირებული ქვეყნები", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.