07 აგვისტო 2026,   23:55
ვრცლად
სამხედრო თანამშრომლობა ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია - ნიკოლოზ სამხარაძე შტატებთან ურთიერთობაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის ერთ-ერთნი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამხედრო თანამშრომლობაა, რომელზეც ყველა შეხვედრაზე საუბრობენ.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, აშშ-თან ითანამშრომლოს უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის სფეროში.

"სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი თანამშრომლობის. აქედან გამომდინარე, ყველა შეხვედრაზე ეს საკითხი იდგა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ მზად ვართ, აშშ-სთან ვითანამშრომლოთ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. ასევე, მათი მხრიდან არაერთხელ აღინიშნა საქართველოს როლი და კონტრიბუცია, წვლილი NATO-ს მისიებში. თითქმის ყველას, ვისაც მე შევხვდი ნამსახურები ჰქონდა აშშ-ის ჯარში და ბევრ მათგანს ჰქონდა შეხვედრა ქართველ სამხედროებთან. ამიტომ, მათ საკუთარი პირადი გამოცდილებიდან იცოდნენ, თუ რამდენად მაღალკვალიფიციური სამხედროები გვყავს ჩვენ, მათ შორის, აღნიშნეს კიდევაც, რომ ხშირ შემთხვევაში, ქართველი ჯარისკაცები ბევრად უფრო კარგად იყვნენ მომზადებულები, ვიდრე NATO-ს წევრი ზოგიერთი ქვეყნის ჯარისკაცი. ეს მათ დაამტკიცეს როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში", - განაცხადა სამხარაძემ.

დღის ამბები