ევროკომისია, რომელიც სხვა სახელმწიფოებს, რუსული ნავთობის შესყიდვის გამო, ხან აკრიტიკებს, ხანაც ასანქცირებს, ახლა ვერ ხსნის, რა მიზეზით შეჩერდა ბრიუსელში იმ კანონპროექტის წარდგენა, რომელსაც ევროკავშირში აგრესორის ენერგორესურსის იმპორტი საბოლოოდ უნდა აეკრძალა.
ის, რასაც ევროკომისარი ვერ ამბობს, საერთაშორისო მედიამ უკვე თქვა. კანონპროექტს ევროკავშირში მანამდე არ წარადგენენ, ვიდრე ირანში მიმდინარე კონფლიქტი არ დასრულდება. კერძოდ, "ევრონიუსის" ცნობით, ჰორმუზის სრუტის ნაწილობრივმა ბლოკადამ მსოფლიოში ნავთობზე ფასები იმდენად გაზარდა, რომ მათი შეძენა ევროგაერთიანებისთვის ფინანსურ ზარალს უდრის. ამიტომ, ბრიუსელმა არჩია, საკუთარი ეკონომიკის სტაბილურობა რუსული ომის მანქანის დაფინანსების ხარჯზე შეინარჩუნოს. ამ ყველაფერმა, როგორც თბილისში ამბობენ, ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი კიდევ ერთხელ ნათელი გახადა.
მკაფიო პოზიცია ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე ვერ მოვისმინეთ ოპოზიციონერებისგან. "ნაციონალურ მოძრაობაში" ელოდებიან, როდის იტყვის ბრიუსელი დეკლარირებულად, რომ მან პოლიტიკა შეცვალა და რუსულ ნავთობს ჩვეულებრივ შეიძენს. გახარიას პარტიაში კი ღიად ამბობენ, რომ არ აპირებენ, ევრობიუროკრატების გადაწყვეტილება შეაფასონ.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, აქ ევროკავშირის გადაწყვეტილება არავის უკვირს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროპული პოლიტიკის ბოლოდროინდელმა სწრაფმა ცვალებადობამ ნათელი გახადა, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ინტერესების დასაცავად, თუმცა სხვას ამის საშუალებას არასდროს მისცემს.
რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ევროკომისიას 15 აპრილს უნდა განეხილა. მოულოდნელად, პროცესი გადაიდო. ოფიციალური პირები ამ დრომდე ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, საბოლოოდ როდის აიკრძალება რუსული ენერგორესურსი ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებში.