ბირთვული პროგრამის შეჩერება, არსებული ბირთვული ობიექტების სრულად განადგურება, ნათანზის, ისპაანისა და ფორდოუს ბირთვული ობიექტების გაუქმება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჩართულობის გაძლიერება, ჰეზბოლასა და ჰუსიტების მხარდაჭერაზე უარის თქმა, ჰორმუზის სრუტის სრული გახსნა, რაკეტების წარმოების შეზღუდვა - ეს იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ირანულ მხარეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუგზავნა. საერთაშორისო მედიის ცნობით, გეგმა 15 პუნქტს მოიცავს. The New York Times-ი წერს, რომ გეგმა ირანს პაკისტანის მეშვეობით გადაეცა.
მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, ირანის პოზიცია ასეთია - შტატების პრეზიდენტს თეირანიდან უპასუხეს, რომ ირანს ვაშინგტონის დიპლომატიის არ სჯერა.
ოფიციალური განცხადებების მიღმა, მედიაში გაჩნდა ცნობები იმ პირობების შესახებ, რომლებიც ირანმა ამერიკას მოლაპარაკებებში დაბრუნების სანაცვლოდ წაუყენა. "უოლ სთრით ჯურნალი" წერს, რომ თეირანი ითხოვს ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვას სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტეში ახალი სისტემის დანერგვას, რომელიც ირანს ტრანზიტის საფასურის მიღების უფლებას მისცემს, ისრაელის მიერ ჰეზბოლაზე თავდასხმების შეწყვეტას და სანქციების სრულად მოხსნას. იქამდე, ვიდრე შესაძლო მოლაპარაკების პირობებზე დამატებითი ცნობები გაჩნდება, განცხადება გაკეთდა კრემლშიც - დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სამშვიდობო გეგმის შესახებ მოსკოვს ინფორმაცია არ აქვს.
სამშვიდობო მოლაპარაკებების ცნობების პარალელურად, კვლავ ისმის აფეთქებების ხმა კონფლიქტის რეგიონში. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში ფრთოსანი რაკეტების საწარმოებს დაარტყეს. იერიშები გაგრძელდა სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზეც - ჰეზბოლას ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.
ირანმა საპასუხო სარაკეტო იერიშები მიიტანა ისრაელზე, ქუვეითზე, იორდანიასა და ბაჰრეინზე. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით დაახლოებით 2000 სამხედროს გაგზავნას გეგმავს. მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ნავთობით ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი ხარგის კუნძულის დაკავებას განიხილავს და ამ მისიისთვის შესაძლოა საზღვაო ქვეითები გამოიყენონ.
კვლავ რთული ვითარებაა ჰორმუზის სრუტეში. ბოლო ცნობებით, ირანმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ, ირანის ხელისუფლებასთან კოორდინაციით, "არამტრული ქვეყნების გემებს" სრუტის გავლა უსაფრთხოდ შეუძლიათ.
ირანში, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ამ დრომდე, სპარსეთის ყურეში დაახლოებით 3200 გემი რჩება, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლას ვერ ახერხებენ.
კონფლიქტის დაწყებიდან ირანი, სულ მცირე, 22 გემს დაესხა თავს.