თეთრ სახლში, მრგვალი მაგიდის გარშემო 45 ქვეყნის პირველი ლედი ერთ საკითხზე შეიკრიბა. დღევანდელი დისკუსია ციფრულ ეპოქაში ბავშვთა კეთილდღეობის მიმართ პირველი პირების მეუღლეების ვალდებულებებზე მსჯელობას დაეთმო. ვიდრე მრგვალი მაგიდის გარშემო შეკრებილები დისკუსიას დაიწყებდნენ, მელანია ტრამპმა შეხვედრა რობოტთან ერთად გახსნა, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულად მიესალმა.
ციფრული და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გზაზე არსებული გამოწვევები, ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური სამიტის ფორმატში, მთავარი განსახილველი საკითხია.
საქართველოს პირველი ლედი ამერიკის შეერთებულ შტატებში მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. თამარ ბაგრატიონმა მონაწილეობა უკვე მიიღო სამიტის - "ერთად უკეთესი მომავლისთვის" - სამუშაო სესიაში. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ბავშვთა კეთილდღეობასა და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო ამ მიმართულებით დგამს.
სამიტის ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის პარალელურად, თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას ესტუმრა, ტაძარს წმინდა გიორგის ხატი შესწირა, რის შემდეგაც საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის, სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებული სამიტი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. გლობალური სამიტის ოფიციალურ გახსნამდე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების მეუღლეებს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლეს, სადაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა მოეწყო. ეს ქართული დელეგაციისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვისთვის.
მელანია ტრამპი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პირველი პირების მეუღლეებსა და ტექნოლოგიური სექტორის წამყვან კომპანიებს მასპინძლობს. ვაშინგტონში შეკრებილები მუშაობენ, თუ როგორ უნდა დაიცვან ბავშვთა ინტერესები და როგორ დაბალანსდეს მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა და განათლება.