ოპოზიციური ჯგუფების სამიზნე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ ერთხელ გახდა. მიტროპოლიტ შიოს, რომელიც თავდასხმების ობიექტი მრავალი წლის განმავლობაში იყო, რუსული გავლენების გაძლიერებაში ადანაშაულებენ, რაც სახელისუფლებო გუნდისთვის სამოციქულო ეკლესიაზე ორკესტრირებული იერიშია. უფრო მეტიც - აღვირახსნილი კამპანია, რომლის მიზანიც ეროვნული იდენტობის მთავარი საყრდენის დაზიანებაა.
სიძულვილის კამპანია წლების წინ და სხვადასხვა პლატფორმაზე დაიწყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქტიურად იყენებდნენ ნებისმიერ ტრიბუნას თუ ეთერს, იმის სათქმელად, რომ პატრიარქის არჩეული მოსაყდრე რუსული პროპაგანდის გამტარებელია.
ირაკლი ტაბლიაშვილმა პატრიარქის მოსაყდრეზე თავდასხმის შესაძლებლობა, წარსულის მსგავსად, ხელიდან არც დრეს გაუშვა. ღიად აღიარა, რომ ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე, მიტროპოლიტი შიოს სიტყვაში უარყოფითი ვერაფერი ნახა, თუმცა დეზინფორმაციის გავრცელებას კიდევ შეეცადა და ორაზროვნად დაწერა, რომ მეუფე შიო მოსაყდრედ რუსეთის პატრიარქის წარმომადგენელმა დანიშნა, რითაც გარდაცვლილ პატრიარქს შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენა.
მიტროპოლიტი შიო მუჯირი არ არის ერთადერთი, ვისაც სახელობითად და ღიად უპირისპირდებიან. მიზანშია წმინდა სინოდიც, თუმცა ამჯერად გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ, მღვდელმთავრებს შორის ხელოვნური და არ არსებული დაპირისპირება შექმნან. უმრავლესობის თქმით, ეს ეკლესიის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიაა, რომელიც ანტიქართული და ანტიქრისტიანულია.
ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობა წლების განმავლობაში ჰქონდათ სასულიერო პირებსაც. არქივი მრავლად ინახავს, მათ შორის, იმ მღვდელ-მონაზვნების განცხადებებსაც, რომელთაც მსახურების უფლება სწორედ ეკლესიის იერარქებისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი ბრალდებების გამო, წლების წინ აეკრძალათ.
მიუხედავად იმისა, რომ არქივი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესა თუ სინოდის წევრებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და აქტივისტების მხრიდან გამოთქმულ არაერთ აგრესიულ, დეზინფორმაციულ განცხადებას ინახავს, მათი ნაწილი დღეს მაინც ამტკიცებს, რომ მათთვის წმინდა სინოდის ყველა გადაწყვეტილება მისაღებია.
ეკლესიის დაზიანება, და თან - მიზანმიმართულად, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოსა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ წლების წინ დაწყებულ კამპანიას ქართველმა ხალხმა პასუხი 22 მარტს გასცა.
საპატრიარქო ტახტის მემკვიდრესა და მეუფეებზე თავდასხმებს წინ უძღოდა იერიშები კათოლიკოს პატრიარქზე - ილია მეორეზე, რომელსაც, უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ, ხან მძიმე ცოდვებს აბრალებდნენ, ხან რუსეთთან კავშირზე საუბრობდნენ, ხანაც ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ - უწმინდესს, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში საკუთარ შვილებს, მხოლოდ სიკეთისა და სიყვარულისკენ მოუწოდებდა.