11 აგვისტო 2026,   07:34
ვრცლად
პატრიარქის გარდაცვალების მეცხრე დღე და ავტოკეფალიის აღდგენის თარიღი - ორი სიმბოლური დღის აღსანიშნად, მოქალაქეები სიონში შეიკრიბნენ

თაყვანისცემის, მადლიერებისა და სიყვარულის გამოსახატავად, მოქალაქეები უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში შეიკრიბნენ. ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა. მეუფემ ისაუბრა პატრიარქის პატივის მისაგებად მისულ ადამიანებზე და თქვა, რომ საქართველო ნამდვილი სასწაულის მომსწრე გახდა.

სიონის საპატრიარქო ტაძარში ხალხის ნაკადი არც დღეს შეწყვეტილა - ყველას სურს, პატივი მიაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და საფლავს.

სიმბოლურია, რომ პატრიარქის გარდაცვალების მეცხრე დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს დაემთხვა - სწორედ ილია მეორის ძალისხმევით ცნო მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს. ამ გზაზე უწმინდესის, ილია მეორის გაწეულ საქმეზე ისაუბრა მეუფე შიომ ქადაგებისას.

მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებაში ილია მეორის წვლილი გაიხსენა პრემიერ-მინისტრმა გავრცელებულ განცხადებაში. პრეზიდენტმა ქვეყნისა და ერის ისტორიაში განსაკუთრებულ თარიღზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი გაიხსენა, როგორ შესწირა ილია მეორემ 28 უმძიმესი წელი მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალურად აღიარებას.

პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პატრიარქის გარდაცვალების მეცხრე დღისა და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გამართულ მსახურებასაც დაესწრნენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთის იმპერიამ 1811 წელს გააუქმა, ქართულმა ეკლესიამ კი ის 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ოფიციალურად და წერილობით მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ძალისხმევით, 1990 წელს დაადასტურა.

ილია მეორისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია უმნიშვნელოვანესი იყო, ისევე, როგორც საქართველოს გამთლიანება. ალბათ ამიტომ, დღეს, სიონის ტაძარში მეუფე შიოს ქადაგების დასასრულს, კვლავ გაისმა პატრიარქის ყველასთვის იმედის მომცემი სიტყვები: ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ!

დღის ამბები