ირლანდიიდან გაგზავნილი ნედლეული მოსკოვის ხელში იმ იარაღად იქცევა, რომელიც დღეს უკრაინელებს მშობლიურ მიწაზე კლავს. სქემა "კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის", OCCRP-ს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოპოვებული გასაიდუმლოებული დოკუმენტების საშუალებით გაშიფრეს.
გამოძიება ადასტურებს, რომ ლიმერიკის საგრაფოში მდებარე ქარხანაში ქიმიურად დამუშავებული თეთრი ფხვნილი - ალუმინის ოქსიდი - რუსული სამხედრო მანქანის მომარაგების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. ევროკავშირის სანქციებში არსებული ე.წ. ხვრელების გამო კი, ეს მასალა რუსეთში დღემდე დაუბრკოლებლად შედის. ცნობილია ისიც, რომ, 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მიმწოდებელმა რუსეთში ექსპორტი კიდევ უფრო გააფართოვა. ამ ნედლეულით მოსკოვი 40-ზე მეტ სანქცირებულ სამხედრო საწარმოს ამარაგებს.
მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის ხელისუფლება უკრაინას საჯაროდ მხარდაჭერას უცხადებს, ქვეყნის საგარეო უწყება ამ კონკრეტულ საქმეზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ოფიციალური დუბლინი აცხადებს, რომ, მონაცემთა სიმწირის გამო, "რთულია იმის დადგენა", თუ საიდან იღებს რუსეთი იარაღის წარმოებისთვის საჭირო რესურსებს.
უკვე მეხუთე წელია, კიევი მოკავშირეებისგან იმ რესურსების სრულ ბლოკირებას ითხოვს, რომლებიც რუსულ სამხედრო მანქანას კვებავს. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან რეგულაციების მკაცრ გადახედვას და იმ კრიტიკული ნედლეულის სანქცირებას მოითხოვს, რომლის გარეშეც მოსკოვისთვის აგრესიის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა.
გამოძიებით გაირკვა ისიც, რომ სქემის სათავეში კრემლთან დაახლოებული ოლიგარქი, ოლეგ დერიპასკა დგას. თავად მილიარდერი დასავლეთის მიერ სანქცირებულია, თუმცა მისი ბიზნესი ევროპული ნედლეულით მაინც დაუბრკოლებლად სარგებლობს. მიზეზი მარტივია: ევროკავშირმა რუსული ალუმინის გაყიდვა კი აკრძალა, მაგრამ თავად ნედლეულის - ალუმინის ოქსიდის ექსპორტი სანქციების მიღმა დატოვა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე