07 აგვისტო 2026,   18:22
ვრცლად
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მჭიდრო კავშირები გვქონდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სპორტის სფეროში - საქართველოს სპორტის მინისტრი

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპორტის მინისტრს, გაო ჭიდანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს.

"ჩინეთის სპორტის მინისტრის მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სპორტის სფეროში, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც გამოირჩევა სპორტული ინფრასტრუქტურით, სასპორტო განათლებით, მასობრივი სპორტით და მაღალი მიღწევების სპორტით. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რაც შეიძლება მჭიდრო კავშირები გვქონდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სპორტის სფეროში," - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

ცნობისთვის, საქართველოსა და ჩინეთის სპორტის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი შეკრებების გამართვას, თანამშრომლობის გაძლიერებას საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში და ორი ქვეყნის სპორტული ორგანიზაციებისა და ასოციაციების მჭიდრო კავშირს.

სპორტის მინისტრების სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე, ჩინეთისა და საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

დღის ამბები