საქართველოს მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და 70-მდე გამოცემით წარსდგა.
მწერალთა სახლის ლიტერატურული პროგრამა მოიცავდა გერმანულ ენაზე თარგმნილი ქართველი ავტორების წიგნების წარდგენას, თარგმანების პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, შეხვედრებს ქართველ ავტორებთან, სამუშაო შეხვედრებს საერთაშორისო ბაზრობის მონაწილე გამომცემლებთან და მწერალთა სახლის საგრანტო და სარეზიდენციო პროგრამების წარდგენას.
ლაიფციგში საქართველოს მწერალთა სახლის დელეგაცია პოეტების, პროზაიკოსების, მთარგმნელებისა და გამომცემლების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორის ქეთევან დუმბაძის თქმით, საქართველო ყველა ფესტივალზე უნდა იყოს.
"საქართველოს ყოფნა ყველა ფესტივალზე აუცილებელია, რადგან ქვეყნის კულტურის და ლიტერატურის მიმართ ინტერესია, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ჩვენი ლიტერატურის ელჩები", - აცხადებს ქეთევან დუმბაძე.