საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესა და ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღესთან დაკავშირებით, სიონის საპატრიარქო ტაძარში ტაძარში მსახურება მიმდინარეობს, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.
მსახურების შემდეგ, სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მიმართა. მისი თქმით, ეს საოცარი ერთიანობა დიდ სულიერ ძალასა და ნუგეშს აძლევს ერს ამ ურთულესი დღეების გადასატანად.
"ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. ჩვენ ველოდით, როგორ გამოვლინდება ეს და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატად.
ეს გამოვლენილი ერთიანობა და სიყვარული გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, დიდ ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, რომ ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა და წინაპრებმა მოიტანეს და მათ შორის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა - ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა.
თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა და შეგვაძლებინებს, როგორც ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალიის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ქვეყნის გამთლიანებასა და გაძლიერებას," - აღნიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ.