როდესაც საქართველოს ასიათასობით მოქალაქე სამების ტაძარში, პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებდა, სოციალურ ქსელში რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი აქტივისტის მხრიდან გარდაცვლილი უწმინდესისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტირების კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ შეურაცხყოფას და მორწმუნეების რელიგიური გრძნობების დაკნინების მცდელობას - პარლამენტის სპიკერმა დღეს ანტიეროვნული უწოდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც ქვეყანა 6 დღე ილია მეორეს გლოვობდა, ე.წ. პროტესტის მონაწილეებმა შეძლეს და ღიად აჩვენეს, რა ღირებულებებზე დგას მათი მოქმედების მორალური სახე.
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან დაკრძალვის დღემდე, სოციალურ ქსელში მისი დაკნინებისა და შეურაცხყოფის არაერთი პოსტი გამოქვეყნდა. აქტივისტების ნაწილი დაუფარავად ესხმოდა თავს 93 წლის პატრიარქის ხსოვნას და მასზე მგლოვიარე ქართული საზოგადოების დაკნინებას ცდილობდა.
ე.წ. პროტესტში მყოფი აქტივისტების პოზიციის გამართლება, დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სახელით სცადეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. მათი თქმით, ნებისმიერი, თუნდაც მიუღებელი, აზრი დემოკრატიულ ჩარჩოებში ჯდება და მისაღებია მაშინაც კი, როდესაც სრულიად საქართველო გარდაცვლილ პატრიარქს გლოვობს.
ორკესტრირებული და უცხოეთიდან წახალისებული სიძულვილის კამპანია - ასე გამოეხმაურნენ დღეს, მმართველი გუნდის წევრები იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან გაკეთდა. კანონმდებლების აზრით, ტრადიციებისა და მორალის ნორმების სრული იგნორირებით, ამ ადამიანებმა გლოვის დროს გაერთიანებული საზოგადოების გაყოფა უშედეგოდ სცადეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს, პარლამენტში ბიუროს სხდომა პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა. ილია მეორე სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელი 49 წლის განმავლობაში იყო. კათალიკოსი უკანასკნელ გზაზე მილიონზე მეტმა ქართველმა გააცილა.