საჰაერო განგაშის ამოქმედების შემდეგ, ისრაელის მილიონობით მოქალაქეს ღამის გატარება ბუნკერში მოუწია. ირანმა ქვეყნის რეგიონების მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მთავარი სამიზნე თელ-ავივი აღმოჩნდა. აფეთქებების და ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ, ქალაქის ოთხ სხვა და სხვა ლოკაციაზე სახანძრო სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
არ წყდება საჰაერო რეიდი ირანშიც. "ცახალის" და "პენტაგონის" სამოკავშირეო ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში განთავსებული სტრატეგიული პუნქტები დაბომბეს. აფეთქებებია თეირანში, ისპაჰანში, იაზდში, ბუშერსა და კერმანში. შეტევა განხორციელდა მართვის ცენტრებზე, შტაბებზე, სარაკეტო-ინდუსტრიულ ობიექტებზე, ბაზებზე, აეროპორტებზე და საწყობებზე.
სამხედრო კამპანიის გაგრძელების მიუხედავად, ვაშინგტონი ახლა თეირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე ღიად საუბრობს - მიზეზს The New York Times ასახელებს. გამოცემა წერს, რომ "მოსადის" გეგმა, რომელიც მასირებული დარტყმების და ისლამური რესპუბლიკის ლიდერების ლიკვიდაციის გზით ქვეყანაში აჯანყების პროვოცირებას ისახავდა მიზნად, ჩაიშალა. მედია, წერს, რომ ვინაიდან მოსალოდნელი შიდა არეულობა არ მოხდა, თეთრ სახლს ახლა სტრატეგიის გადახედვა უწევს.
ვაშინგტონთან კონტაქტის დამყარება თეირანშიც დაადასტურეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა CBS News-ს განუცხადა, რომ ახლა შუამავლების მეშვეობით აშშ-ისგან მიღებული წინადადებების განხილვა მიმდინარეობს. ირანულ მხარეს მიაჩნია, რომ ტრამპმა უკან მხოლოდ იმიტომ დაიხია, რომ ეფექტური აღმოჩნდა ისლამური რესპუბლიკის სტრატეგია, რომელიც ომისგან მომდინარე ზიანის რეგიონის ქვეყნებზე გავრცელებას და მსოფლიო ეკონომიკურ ბაზრებზე წნეხის გაძლიერებას ითვალისწინებს.
საერთაშორისო მედიაში აქტიურად განიხილება ვაშინგტონსა და თეირანს შორის პირდაპირი დიპლომატიური მოლაპარაკებების პერსპექტივაც. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეგვიპტე, პაკისტანი და სპარსეთის ყურის ქვეყნები შეხვედრისთვის ნიადაგს უკვე ამზადებენ. გამოცემა წერს, რომ დიდია ალბათობა, ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მხარეებს შორის დიალოგი მიმდინარე კვირას, ისლამაბადში შედგეს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე