04 აგვისტო 2026,   16:25
ვრცლად
კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია - ორგანიზატორების შეფასებით, მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას რეგიონში, საქართველოს როლის ზრდას და ახალი ინვესტორების მოზიდვას

ეფექტურად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი ეკონომიკური ზრდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების განაწილებას, კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე. პრემიერ-მინისტრის განმარტებით დღევანდელ რთულად პროგნოზირებად გარემოში, გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა - პროგნოზირებადი, ეროვნული ვალუტა მყარი, უცხოური ინვესტიციების რაოდენობა კი, მკვეთრად მაღალია.

რა განაპირობებს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს კაპიტალის ბაზრისადმი მზარდ ინტერესს? ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით - კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის არამხოლოდ ერთი ინსტიტუტის ძალისხმევა, არამედ მთელი ეკოსისტემის მჭიდრო თანამშრომლობაა აუცილებელი. ნათია თურნავა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს, ბაზრების განვითარების გზით, საფინანსო სექტორის დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

გლობალური და რეგიონული მაკროეკონომიკური ტენდენციები, საქართველოს პოზიციონირება კაპიტალის ბაზრებზე, საერთაშორისო ინვესტორების მოლოდინები, აქტივების მართვა - ეს საკითხები, საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ლიდერმა კომპანიებმა, სარეიტინგო სააგენტოებმა, ლოკალურმა თუ რეგიონულმა ინვესტორებმა ფორუმზე განიხილეს. "თიბისი კაპიტალისა" და ეროვნული ბანკის პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში მეორედ გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში, პანელური დისკუსიებიც გაიმართა. ერთ-ერთი სესიის დროს, ფინანსთა მინისტრმა, მთავრობისა და "სილქ როუდ ჯგუფის" ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებაზე ისაუბრა. ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ამ ფაქტმა დაადასტურა ნდობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.

კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ბანკებთან და ინვესტორებთან. კონფერენციის ორგანიზატორების შეფასებით, მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას რეგიონში, საქართველოს როლის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და ახალი ინვესტორების მოზიდვას როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე.

დღის ამბები